0 245

ბატონო პრემიერო :)


გამარჯობა, ბატონო პრემიერო.
ჩემი ოცნებაა, შეგხვდეთ და ვნახო, როგორ ჭამთ.
მაშინ,როცა არავინ გიყურებთ. არც ტელეკამერები.
გამარჯობა.
ძალიან მინდა, დავინახო, რომელ ხელში გიჭირავთ ჩანგალი,
ბატონო პრემიერო და მინისტროც.
ორივე ყბით ღეჭავთ თუ ცალით.
მაინტერესებს, რომელი ქვეყნის მეტრო გიყვარდათ,
გასაგებია, რომ ამ ქალაქის გძულდათ, მაგრამ რომლის გიყვარდათ?
თუ ოდესმე ასეთი რამ მომხდარა,
ადამიანური სიყვარულები თუ გქონიათ?
სისუსტეებიც - მაგალითად, ქუჩაში ჰოთ-დოგის კბეჩა.
ბატონო პრემიერო და მინისტრო,
გუშინ თქვენზე დიდი ჩინოსანი სხვა ქალაქის პარკში შემხვდა,
გვერდით ჩამიარა.
მშვიდად გავაგრძელე ნაყინის ჭამა -
არავის გავუგდივარ მუჯლუგუნებით,
არც ბეტონის შენობები მდგარა იმ პარკში,
მინდორზე შეყვარებულებს ეძინათ.
გამეფიქრა, ნეტა, ჩემი პრემიერიც ხედავდეს.
ნეტა, ჩემ პრემიერსაც გაახსენდეს.
ათასობით ადამიანი საკუთარი ფანჯრებიდან ხეების ნაცვლად 
ახორხლილ შენობებს რომ უყურებს. შენობებს სუნთქავს.
ბატონო პრემიერო, ისე მაინტერესებს,
სადაც არ გიცნობენ, იქ მაინც თუ შეგიძლიათ 
მარტო სიარული, ადამიანივით?
და ტანსაცმელს თქვენით ყიდულობთ,
თუ უკვე ეგეც სხვების საქმეა?
ნეტა, როგორია, ბატონო პრრმიერო,
უცებ ნიგვზიანი ბადრიჯანი რომ გინდება და
ხიზილალის მოცუცქნული ბუტერბროდები უნდა მიირთვა
რომელიმე იდიოტურ მიღებაზე.
ნეტა, ფეხები თუ გეყინებათ, ბატონო პრემიერო.
რავიცი, რამე ჩვეულებრივი მინდა გკითხოთ.
მაგალითად, თქვენი მამა რომ მაღაროში მუშაობდეს და უცებ მაღარო ჩამოინგრეს, რას იგრძნობდით.
მარტივ რამეებს გეკითხებით, ბატონო პრემიერო და მინისტრო.
რა კარგი იქნებოდა არა, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, 
სადაც ეკლესიის არ შეგეშინდებოდათ?!
უნიჭო პოეტების საღამოებზე რომ არ დადიოდეთ.
როკს უსმენდეთ და ხანდახან ქუჩაში მოტოცილეტით გხედავდნენ.
ყველა ადამიანს ცალკ-ცალკე იცავდეთ.
უმრავლესობა გეკიდოთ.
ნეტა, როცა პრემიერი აღარ იქნებით, რამდენი ფული გექნებათ დაგროვილი?
სამოქალაქო სექტორში თუ გადახვალთ...
იქიდან კრიტიკა მოდაშია.
ბატონო პრემიერო.'' :)
კომენტარები (0)