ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ...


ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ...

ჩვენი  ქვეყანა ჯერ კიდევ „საბჭოთა ნანგრევებში“ ვაივაგლახით მიითრევს ფეხს. წინ ნათელი მომავალი ჩანს,  მაგრამ მანამდე დიდი უფსკრულია გაწოლილი.
ჰოდა სწორედ წელმოწყვეტილი მივლასლასებთ ამ უფსკრულის პირისკენ . ფრენა რომ შეგვეძლოს „თბილ ქვეყნებში“ გავფრინდებოდით, მაგრამ იძულებულნი ვხვდებით, რომ , უკვე მერამდენედ,  აქ უნდა შევეგებოთ, 
 ჩრდილოეთიდან მობერილ ზამთრის სუსხს, მოუმზადებელნი და მომავალი გაზაფხულის იმედით მხოლოდ ...
 გაღმიდან ჩვენთვის გამოგზავნილ ამანათებს სულთამხუთავივით აზის ზემდგომი და მის გემოზე ანაწილებს, იყოფს  ისე როგორც უნდა და ... 
 ჩვენ რა გვინდა,მაგას მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში  ცალყბად  თუ გვკითხავენ და დაპირებების სავსე გუდებს დაგვირიგებენ,  (გულუხვად ხოლმე.) მერე ეს გუდები თავისი დაპირებებიანად,  ფშუტე მარცვლებივით, ქარში ბაბუაწვერების მსგავსად, იკარგებიან სადღაც.( ისევ მორიგ არჩევნებამდე ) ...
 ჩვენი „პატრონები“  ჯერ ისევ დემოკრატიობანასა და საბაზრო ეკონომიკობანას ეთამაშება ყურებამდე გაბითურებულ  ქართველ ხალხს. ჩვენს ქვეყანაში ისევ ფარდობითია სამართალი და კანონის უზენაესობა. ისევ არსებობენ კანონზე ზემდგომები და ისევ ვარსებობთ ჩვენ, ძალა გამოცლილი, დამცირებული და ულუკმაპურო ინტელიგენცია, რადგანაც ხელები არ დავიტყავეთ მავანთა ქებათა-ქების წერაში...
ჰეი თქვენ გაღმელებო, გამოღმიდან მოგესალმებით ბედნიერების სურვილებით!..  გამოღმიდან მოგესალმებით მადლიერები, თუნდაც იმიტომ , რომ თქვენ ბევრი  გაიღეთ ჩვენთვის. ჩვენს მაგიერ მადლიერებაც გადმოგცენ ალბათ , ალბათ ჩვენი  სიხარულის განცდასაც აღგიწერდნენ , რომელიც ნამდვილად გვეწვეოდა, რომ იქ, გამანაწილებელში,  ამ გზავნილებისთვის მავანს არ შეეცვალა გეზი და  მეტწილად ისევ თქვენს მხარეში არ დაბრუნებულიყო, მაგრამ უკვე მათ ანგარიშებზე! (თქვენსავე ბანკებში.)
  ჰოდა  ჩვენი  ქვეყანა ჯერ კიდევ „საბჭოთა ნანგრევებში“ ვაივაგლახით მიითრევს ფეხს...
   -მერ'ფი-

P. S. 
              ეს ადრე დავწერე, უხსოვარ დროში...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი