0 142

უბედური


იყო ერთი კაცი. უბედური. სადაც კი მიდგა ხელმოცარული დარჩა ბოლოს. ნიჭიერი იყო, განათლებული, ხელოვანი. მაგრამ ამ უბედურს ფულის კეთების ნიჭი არ დააბერტყა ზენამ. უზომოდ პატიოსანი იყო, იმ უზომო ძარცვა-გლეჯის პერიოდშიც კი. ხილი რა იყო და ისიც კი არ მოუპარავს ცხოვრებაში. სძაგდა უზნეობის ყოველგვარი გამოვლენა. ერთი კი იყო, მომეტებული ფარული ლტოლვა ჰქონდა ქალთა სქესის მიმართ, გულში თორემ, უფულო და ღატაკი ვის რაში უნდოდა კარგად იცოდა, არადა ვერც ღვთის გზას ამ ლტოლვის გამო ვერ დაუდო გული - ღმერთი შემრისხავს ღვთის მსახურმა თავი, რომ ვერ შევიკავო და ქალის გზნება გავივლო გულშიო.
წლები უბედურად მიდიოდა, უბედურიც დაოჯახდა, ,,გაბედნიერდა" როგორც იტყვიან ხოლმე. მერე და ცოლ -შვილს მოვლა სჭირდებოდა, ,,წელებზე" ფეხს იდგამდა, დრო გადიოდა და მეტი და მეტი ხდებოდა საჭირო. ვინმესთვის თხოვნა და ფულის გამორთმევა შრომის საზღაურადაც კი ერიდებოდა, არადა ისეთი დრო იყო წახდა ქვეყანა. პატიოსნება და ინტელიგენცია ჩალის ფასად ფასობდა, ასე ითქმება თორემ ჩალას მეტი ფასი ჰქონდა, ჩალას თუ იშოვიდა ეს უბედური კაცი და როგორმე საქონელს იყოლიებდა, დოვლათიც დაუგროვდებოდა სიღარიბით გაუბედურებულ სახლ-კარში.
უბედურის ცოლიც უბედური გამოადგა, სოფელს ვერ დაუდო გული. ერთი ღატაკი ქალაქელი კაცის შვილი იყო, მაგრამ ქალაქში გაზრდილი და ქალაქურ ცხოვრებას ნაჩვევი. მიწასთან შრომა და საყოლის ყოლა წარმოუდგენელი რამ იყო მისთვის. ვერც უბედურმა მოიკიდა ქალაქში ფეხი. ვერ მიდგა, ვერ შეაწუხა ნათესავ-ჭირისუფალი, ან მათ რა ებადათ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში. ის კი არადა მოსაკითხ-მისართმევის გარეშე ერიდებოდა სტუმრად მისვლაც , არც ქორწილებში დადიოდა და ვერც ჭირის სუფრაზე ამ სიღატაკის გამო. შეეგუა კარჩაკეტილ ცხოვრებას არც არავის აწუხებდა და არც არავინ კითხულობდა მის ამბავს. მაგრამ უბედურებასაც ქონია საზღვარი და მიუხედავად ჭირთან ბავშვობიდან შეგუებისა უბედურიც შეაძრწუნა ამან. შვილი ავადმყოფობით, უექიმობით და უწამლობით კინაღამ დაეღუპათ, მერე ცოლმაც მიატოვა ეს მთად უბედური!..
დარჩა ასე გაპარტახებული, ჩამოქცეული ჭერის ამარა. ბოლოს ბედის საძებნელად გადაწყვიტა და კვლავ გაეშურა თბილისს, საიდანაც სტუდენტობის დროს ნაგემი უფრო დიდი სიმწრისა და სიდუხჭირის გამო საბოლოოდ ჰქონდა ფეხი ამოკვეთილი. 
თბილისი დიდი ქალაქია, ხალხი ჭრელია. ტრანსპორტი ათასგვარი. მეტროს
მიაშურა უბედურმა, თავისუფლების მოედანზე მიდიოდა, ერთ პატარა ეკლესიაში.
ნათესავი მღვდელი უნდოდა ენახა, თავისი უბედურება მოეყოლა და შეწევნა ეთხოვა მისთვის, ცოლი-შვილის შემორიგებაში დახმარებოდა და სადმე სამსახურის პოვნაში გაეწია შუამდგომლობა. ღვთის გულისათვის მაინც არ მეტყვის უარსო ასე ფიქრობდა თავისთვის. გვერდით ჯიბის ქურდი აეტუზა მგზავრობისას.
ისე მოუსინჯა ჯიბეები, რომ მომავალზე ფიქრით გართულ კაცს არც გაუგია მორიგი უბედურების მოახლოება. მისი ჯიბიდან სიმწრით ნაგროვი ფულის მოპარვას ვინ ჩივის, ბოროტმოქმედს რაღაც მოუპარავს იქვე, ვიღაც გვერდზე მდგომი ქალისთვისაც. ქალმა დროულად შენიშნა ,,ძვირფასი ნივთის" დაკარგვა და ისეთი ამბავი ატეხა, ბაქანზე შესულ მატარებელში წამსვე პოლიცია შემოვარდა. ქურდმა დრო იხელთა და ,, ფაქტი" მოიშორა, ანუ უჩუმრად მოათავსა ამ უბედურის ,,დასაწვავ" ჯიბეში. ჩხრეკის შედეგად უბედურს ის სხვისი ნივთი უპოვეს და დააკავეს... 
სოფელში ხმა დაირხა, აქ რომ ,, მამა აბრაამის ბატკანი იყო" უბედურმა თბილისში ქურდობას მიჰყო ხელიო! 
ღმერთმა გადაწყვიტოს უბედურის შემდგომი ბედი. ჩვენ კი ის უბედურებაც გვეყოფა, პატიოსან ხალხს, რომ ვაუბედურებთ ასე!!!
მერაბ (მერფი) ფირცხალაიშვილი
კომენტარები (0)