0 43

ბავშვი, ზევსი და ორიოდე სათამაშო


მ.ბ.-ს 

I 

საუფროსო კვართში გამოხვეული 
ცას არქმევ ღამეს და 
თამაშობ სიტყვით. შენ შეგიძლია 
ძაღლი გახადო კატად, მამას არ ქონდეს წვერი, 
ან სულაც თქვა, რომ სიცხე გაქვს და არ წახვალ ბაღში 
და სანამ დედა გადაითვლის ვერცხლისწყლის ხაზებს, 
უყურებ - ღელავს, ყბა ოდნავ უთრთის. 
ამ მოლოდინში საბნის კუთხეებს კეცავ. 
იღიმის დედა, 
შენ ხვდები - დგები. 
ვარდისფერ კაბას ზღვა ლურჯად აზის 
და აი გემიც, 
გემი დაფრინავს, ის გზაზე არა, 
წყალზე ჯდება და სულ ამთქნარებს. 
შენ გჯერა. 

II 

შენ გჯერა 
ღმერთის, ის გუშინ ნახე 
როცა პულტზე მოგიხვდა ხელი 
და რაღაც არხზე, რომელიღაც მულტფილმის 
გმირი, სახელად ზევსი 
(თეთრზე თეთრი თმებითა და უგრძესი წვერით) 
მთის წვერზე იჯდა, 
წითელ-ყვითელ ხაზებს ავლებდა ცაზე - 
ის ხატავს პალმებს, არა აფრებს 
სწორედ იმ გემის, ჩემს კაბაზე რომ 
დაეშვა ფრთებით - თქვი და დედასთან 
გაიქეცი დასარწმუნებლად, 
რომ არის ზევსი 
და არის ღმერთი. 

III 

და თურმე ღმერთმა 
შექმნა ყველა, ვისაც შენ იცნობ 
და რაც შენ იცი. აი ის მწვანე პიანინოც, 
შენ რომ კვლავ ნინოს 
ეძახი და კლავიშზე ფანქრით 
ფიფქების ნაცვლად ფიქრებს ხატავ - 
აქ ლურჯი მზეა, 
ყავისფერ დათვს კი 
ბრონზისფერი თათები დაჰყვა და როგორც ატყობ 
სულაც არ მოსწონს თაფლი, 
არ მოგწონს გველის დაკლაკნილი ფიგურა და 
ასწორებ, სწორდი! 
ბრძანების ტონი შეგეპარა ბოლო ხანს ხმაში. 

IV 
აქ ზევსი შენ ხარ, 
აქ შენ ავლებ წითელ-ყვითელ ხაზებს კედლებზე, 
რომელიც ცაა.
კომენტარები (0)