დედამიწის სტუმარი


მეტეორივით დაეცი მიწას,
 ეს არის შენი მძიმე იარა.
 არადა გსურდა, რომ დედამიწის
 ავლით კოსმოსში გეხეტიალა.
 მაგრამ გისროლა ძლიერმა ხელმა,
 ეს იყო შენი დიდი სასჯელი
 და დედამიწის სფერო ჩახიე,
 როგორც ხავერდის ლურჯი ნაჭერი.
 არჩამოვარდნა გსურდა მიწაზე,
 დღეს კი, სხეულის გიწევს მორგება.
 და შემოდგომის ავტობუსიდან
 ამჩნევ სიცოცხლე როგორ გშორდება.
 დიდი ხანია, ღრუბლის კი არა_
 თვით ვარსკვლავების წვიმა გასველებს.
 შენ ხარ ტირიფი, დაბალ ტოტებით,
 სევდიან ტბაზე რაღაც დაწერე....
 ვერ ხედავ ვერსად ქაჯეთის ციხეს,
 რომ ნესტანისთვის ღირდეს გაწირვა...
 დედამიწაზე ცხოვრობ და მაინც
 თითქოს, არა ხარ მისი ნაწილი.
 თითქოს, შორს სადღაც სახლს დაგაშორეს,
 მაგრამ არ იცი, იმ სახლს რა ჰქვია,
 მიდიხარ ქარის ტრაექტორიით
 და ისევ მიწას იტან ნაგვიანს.
 იმდენს ფიქრობ, რომ ტვინი გეღლება
 და მისი ქერქიც ძალზე მძიმდება.
 ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო,
 გრძნობ, რომ თანდათან პარალიზდება
 და გააზრების უნარსაც გართმევს.
 ნეტა არ იყო კაცი, ან ცხონდე...
 ძლიერ გსურს, იყო ნაჭრის თოჯინა,
 აგერ ვიტრინის გადაღმა რომ დევს.
 ხორცის ხეს წყდება სულის ფოთლები,
 რადგან ცხოვრება აითვალწუნე.
 შენ ხარ არაგვი, კავკასიონის
 ყველა მწვერვალი შენში ჩაწურე.
 მთვარის ნამტვრევის, 
 ან ნაწილაკის,
 ვარსკვლავის, 
 ქრისტეს სამყოფელს რომ ჰგავს.
 შენ გშურს ყველაფრის, რაც დედამიწის
 მიღმა დარჩა და განაგრძობს ყოფას.
 არ გინდა იყო თუნდაც ეზოპე,
 გსურს განფენილი მარადისობა.
 მიწამდე ლურჯი სფერო ჩახიე,
 შავი შპალერით ზეცა გაწებეს,
 თითქოს, ტკივილის მაკრატელებით
 ვიღაც ზურგიდან გაქუცმაცებდეს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი