სადღა არის ოდა


ჩვენს ჯიშსა და მოდგმას,
წუთისოფლის მდგმურებს,
იმ ძველ გურულ ოდას,
ნისლს რომ გადაჰყურებს.

წინაპართა ბუდეს,
მამა-პაპის სულებს,
თხილის წნელის ზღუდეს,
მთებზე გაშლილ სურებს.

მზის სხივების მასრებს,
ასხლეტილებს კლდეზე,
სურვილებს და აზრებს,
შებმულს ნატვრის ხეზე.

სუფსის ჩქერთან კალმახს
აებნევა გზები,
ბავშვობაში ნანახს
ასჯერ მოგიყვებით.

ვინ გადაცლის გიდელს,
ვინ აავსებს ჭურებს?
მზერას არ გვარიდებს
დროში მოგზაურებს.

ბუხრის პირას ღვინით
ვინ შეავსებს ჭიქებს?
ბოთლში ჩასმულ ჯინით
ვინ დააფრთხობს ჭინკებს?

ტკაცუნია ცეცხლზე
სიმინდის და წაბლის,
უჩვენოდ რომ ვერ ძლებს,
ფუსფუსი რომ არ ღლის.

ჩურჩხელები წყვილად
მიწყობილან მწკრივში,
ცივ ზამთარში თბილად,
ბებოს ნამზითვ სკივრში.

ვიდრე ცხადში ვსტუმრობთ,
გულით მივიჩქარით,
ვიდრე დრო არ ხუმრობს
და ღიაა კარი.

ბებიაა ვიდრე
ჩვენი მასპინძელი,
გადაჰყურებს მინდვრებს,
ყოველ ზაფხულს გველის.

ნუ მოვაკლებთ სითბოს
გულით, მხრებზე შალით,
სხვას არაფერს ითხოვს
სიყვარულის ვალი.

ნაადრევად წლეულს
ჩამოთოვა მთები,
დარდით ჩამოლეულ 
ბებოს სიზმრად ვხვდები.

სადღა არის ოდა,
ბუხარი და ცეცხლი?!
დროს რაც თან მიჰქონდა,
მას ვერავინ შეცვლის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი