ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 97

ამადეო


,,როცა შევიცნობ თქვენს სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს."
/მოდილიანი/

შენ ხომ არ ხატავდი თვალებს, ამადეო,
მეც არ შემიძლია ვწერო აუხსნელი,
შენ ვერ ამოხსენი სულის საიდუმლო,
ვერც მე გავაცხადე კვანძი გაუხსნელი.
შენ რომ არ ხატავდი თვალებს, ამადეო,
ისინი მაგონებენ შაშვის კვერცხებს,
სილურჯეშეპარული ფუნჯით წერდი
შენს სახელს მარადიულ ოქროს კვერთხზე.
შენი ფერწერიდან სული იმზირება,
ცისფერი ათრთოლებს პორტრეტებს,
შენ რომ ვერ გაგიგეს, ამადეო,
მე ვინ-ღა მიმათვლის პოეტებს?
შენ რომ არ ხატავდი თვალებს, ამადეო,
სწორედ მათი მზერა მახელებს,
მე რომ შემძლებოდა, ლექსებით გეტყოდი:-
ისინი თვალებსაც ახელენ!
შენ ხომ არ ხატავდი გამჭოლ მზერას,
მე მაინც ჯიუტად გიცქერი,
შენ რომ ჩემი სული ამოგეხსნა,
სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევდი!
...
რა ვქნა, მაგონებენ შაშვის კვერცხებს
შენი მზერა-ბინდი ქალები,
კაფე ,,როტონდაში" მე რომ გაგეცანი,
ნახატებს ექნებოდათ თვალები...
კომენტარები (0)