ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 25

შენი სიყვარული განთიადისას


ღამე გაიპარა ჩემი ფანჯრებიდან
წუხილი დატოვა ვარდებზე შებმული,
ცრემლები აკინძა ვერცხლის ცვარ-ნამებად
და მზეს დაუტოვა კონებად შეკრული.
დილის ბინდ-ბუნდებში სიგრილედ მოვიდა
შენი მოგონების ცისფერი ზმანება,
ღამემ, ფერმიხდილმა, თვალები დახუჭა
და რიჟრაჟს ამაყი დუმილით დანებდა.
სიბნელემ წაიღო ფიქრების სიმრუმე,
არილი დაადგათ იისფერ ზამბახებს,
შენი სიყვარული, შარშან რომ დავთესე,
წელს უნდა მოვიმკა, მომწიფდა მკათათვეს.
უნდა დავაპურო მშიერი გრძნობები,
ამ დილის თენებამ იმედი ჩამაცვა,
მერე, შემოდგომით, ახლიდან დავიწყებ
შენი სიყვარულის ჩემს გულში ჩამარცვლას.
ახლა კი სხივები აცეკვდნენ სარკმელზე,
მიხმობენ:-,,გამოდი, გვიცინე, გაგვართე!"
გათენდა...მიყვარხარ...გიგონებ...გინატრებ,
ჩემში შეგინახავ-მოწყვეტილს მკათათვეს
კომენტარები (0)