მე რომ არ ვიქნები...


,,ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს,
რანაირი გაზაფხული მოვა?"
/მ. ჩიტიშვილი/

მე რომ არ ვიქნები იმ წელს გაზაფხული,
გულ-მკერდზე დაიბნევს იას და კესანეს,
კვლავაც დაინახავ, ფრთამალი მერცხლები
ნამეხარ ცის ტატნობს თუ როგორ სერავენ.
უჩემოდ იქორწინებს კოხტა ბროწეული
აპრილის თავნება, თაკარა სხივებზე,
არცკი მომინატრებს ანცი ათინათი,
ისე ჩამოჯდება ბრიალა კვირტებზე.
ქარი გაიწეწავს ნაზამთრალ ნაწნავებს,
მხოლოდ ის იტირებს გულით უჩემობას,
მზე ისე ამოვა, რომ ვერცკი გაიგებს
ჩემს ახალ სამყოფელს-უმზეოს და
ისე მიმოაბნევს ოქროსფერ ციალებს
თითქოს, არც ვყოფილვარ საამქვეყნოს,
ჩემო ვარდობისთვევ, როგორ მიყვარდი და
შენი მონატრება აქაც დარდად მეყო.
მე რომ არ ვიქნები, მოვა გაზაფხული,
მოუსმენს უჩემო იების გლოვას,
შენ რომ არ იქნები იმ წელს, ერთადერთო,
იმ წელს აღარც მე და გაზაფხული მოვალთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი