იყო, არა იყო, რა...


იყო, არა იყო, რა? არის, ისევ არის, რა,
რაც იყო და რაც არა, გულში ტოვებს ნაისრალს,
როგორ-არა იყო, რა? აბა, ტყუილს ვიკადრებ?
შენც კი იცი მშვენივრად, ახლოს არ გავიკარებ.
ჰოდა, რას ვიხსენებდი, რაც იყო და რაც-არა,
მე რომ შენი თვალების სხივი შემომეყარა,
ე, მაშინ დავიღუპე, მაშინ გავხდი საშველი,
შენ რომ გამონარნარდი, რა ირემი? რა შველი?
მოდიოდი ქალღმერთი, მოგკიოდნენ ქუჩები,
შენ ღიმილებს ამწყვდევდი ალუბლისფერ ტუჩებში,
არ იმჩნევდი არცერთი კაცის შეფარულ მზერას,
ასე როცა მოდიხარ, სულ მაგონებ პანტერას,
თითქოს, მსხვერპლს ეპარები ასხლეტილი წვივებით,
აი, ასეთი ქალის სიყვარულით ვიწვები.
შენ რომ გადაუქროლე, მე იმ ქუჩის მკვიდრი ვარ,
ასე მტოვებ, უღმერთოვ, სხვის ბინისკენ მიდიხარ?
არა, იყო, იყო, რა, ნუთუ ასე დამტოვე?
არის, ისევ არის და არ გეგონოს, დაგთმო მე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი