ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 27

შენთვის


შენთვის ავივლი თმათეთრ ჭიუხებს
და გადმოვძახებ მთასაც და ბარსაც,
როგორ მიყვარხარ, იქნებ, მიუხვდე-
გულს, უშენობის ფესვი რომ ბზარავს.
კლდიდან მივწვდები ზეცის სამრეკლოს,
მეხით დავრეკავ ღრუბელა ზარებს,
წყალს შევებმები, მინდა, წამლეკოს,
ცას ქარვასავით უელავს მთვარე.
თმაში ჩავიწნავ გიჟურ ქარიშხალს,
შემოგილეწავ ყველა დარაბას,
არ დაგიტოვებ სიმშვიდის მისხალს,
მოგიწევს, მწველი კოცნით დამაბა.
...და დავწყნარდები, როს დავაფეთებ
სამყაროს ჩემი გრძნობის ხმაურით,
მშვიდად დავწვები, შენგან ნაფერებ
თმას ამიწეწავს ანცი ზღვაური.
კომენტარები (0)