ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 52

...დახეულა ოცნებების ფარჩა


დახეულა ოცნებების ფარჩა,
თუმც იმედებს ისევ ამოდ მიკმევენ,
გადავფინე, რაც ნატვრისგან დამრჩა
და ლექსებით სული ამოვიკემსე.
დასჭკნობია ყვავილები ზამბახებს,
ხმობა ფესვში დაუწყვია მუხას,
აზრი არ აქვს ომებსა და ამბოხებს,
სატრფოს ისევ მომიკლავენ მუხრანს.
გასცვენია მთებსაც თოვლის თმა-წვერი,
აღარ ჰგვანან ქალის რძისფერ ძუძუს,
რაღა დამრჩა ქვეყანაზე სამზერი,
შევეხიზნე ნისლებისფერ კუნძულს.
შემოაცვდა სულს მორწმუნის პერანგი,
შევიმოსე წამებულის კვართით,
გზებზე დამხვდა სულ სიბნელე ვერაგი
და არავინ გამინათა კვარი.
ჩემი წილი საომარი ვიომე,
ვიკვალავდი ტევრებსა და უღრანს,
დავიღალე და თუმც კვნესას ვიოკებ,
სატრფოს მაინც მომიკლავენ მუხრანს.
კომენტარები (0)