ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 7

ჩემი ლექსები იისფერია


ჩემი ლექსები იისფერია,
იის სურნელი ასდით სტრიქონებს,
და ყველა ბწკარი შენს თავს მახსენებს,
ყველა ტაეპში მე შენ გიგონებ.
სისხლივით დასდის შენი სახელი
ჩემს ლექსებს იით ნაქსოვ ძარღვებში,
მე შენ მიყვარხარ,-პირველი გიმხელ,
შიში არა მაქვს წესის დარღვევის.
იმდენი ვწერე, ისე გელოდი,
ვით პენელოპე-დიად ოდისევსს,
და რომ მოხვედი, იშვა იმედი,-
ერთად ვიქნებით ორნი როდისმე...
შენ მომიტანე სულის სიმშვიდე,
მიხარე უწყლოდ გამხმარი ბაღი,
იის სურნელით სავსე თითებით
გადამაშორე ცრემლების დაღი.
ყოველი დილა თენდება შენით,
იისფერ კაბას შემიკრავ ზურგთან,
კისერზე ვიგრძნობ ფაქიზ შეხებას,
ვნებას იოკებ და მკოცნი ყურთან.
არ მეშინია უშენო ღამის,
ვიცი, დაგიფენ გულზე ნაწნავებს,
ვერ დაიძინებ, თუ არ მიგრძენი,
უჩემო ყოფა გღლის და გაწამებს.
შენ ისე გიყვარს ჩემი ლექსები-
იების კონა, მე რომ გაჩუქე,
მე კი ის მიყვარს, როცა გემდური
და შენ ტუჩებზე კოცნით მაჩუმებ.
მიყვარხარ, იებს ვფიცავარ, ჩემო,
უფრო ლამაზით რით დაგარწმუნო,
მინათე, სანამ შენით და მათით
ტკბობას დამაცლის მზე და საწუთრო.
კომენტარები (0)