ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 68

ჩემი კახეთი


ქვეყნის სადარაჯოდ იდგა ალავერდი,
ნიავი ალეწდა ფრთებს მაღალ გუმბათზე,
ცაში გარინდული იჯდა მამა-ღმერთი,
კახეთს დასცქეროდა, მის ნატიფ სურათებს...
იყალთო იხმობდა ოდითგან სწავლულებს,
არასდროს გვარცხვენდა მოყვასთან, სტუმართან,
მთებს შორის ბორგავდა მრავალ საუკუნეს,
ძველიც და ახალიც-ამაყი შუამთა.
გრემიდან დაჭრილი კვნესის ისტორია,
მეფეთა ღალატის, გატეხილ ფიცების,
წინანდლის ბაღშიც ხომ მტერმა ირონინა,
ცეცხლით დააფეთეს ფეხმარდი კვიცები.
გომბორს ვუყურებ და მთებთან შერწყმა მინდა,
კახეთის ზვრების და ალაზნის დახატვა,
მე კრძალვით შევცქერი დიად ყველაწმინდას,
მწამს, რომ მისი ლოცვით ეს კუთხე გადარჩა.
ყოველი მტკაველი მიყვარს კახეთისა,
ყვარლის მთა-ტბები, თუ ივრის ვაკეები,
მშობლიურ სოფელში-ხედი სამებისა
და წმინდა გიორგის ტაძართან ხევები.
ტკივილებს მავიწყებს, ძალა აქვს შელოცვის,
კახეთის მზეს როცა ვიგულებ თავს ზემოთ
და ჩემში ნამდვილი სიმშვიდე შემოდის,
როდესაც ბოდბეში გუგუნებს სამრეკლო.
ვაზის ჯვრით მლოცველი მარადი ქალწული,
მიმტკიცებს, მიმძაფრებს კახეთის სიყვარულს,
...და დამაქვს იმედი, გულში ღრმად ჩაწნული-
არასდროს მომიშლის ამ ცის ქვეშ სიარულს!
კომენტარები (0)