სიყვარულის სახელით


ყოველდღე ვაგროვებ ჩემში შენს ნარჩენებს,
ნატვრის ხეს შევხსენი ფერადი თასმები,
აღარ მსურს არარა, რაც შენს თავს მახსენებს,
ძირგაბზარულია ტრფიალის თასები.
ვაგროვებ დღეებში გაფანტულ წამ-წუთებს,
თავს ვუყრი, არ დამრჩეს შენგან არც მისხალი,
ბოლოს ერთ ღამესაც ტირილში გავუთევ
და როგორც დადგება რიჟრაჟი, სისხამი,
ყველაფერს მივანდობ წარსულის ზარდახშას,
ზემოდან დავაწერ:-მშვიდობით, გივიწყებ...
არვის გავაგონებ ტკივილის ზარს და ხმას,
ახალი გზებისკენ უშენოდ მივიწევ.
...და აი, შევკარი დღეები კონებად,
ავწონე, რაც დამრჩა, ათასჯერ დავთვალე,
მხოლოდ ის ყოფილა ნამდვილი ქონება,
რაც სულს სიყვარულის სახელით აწვალებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი