ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 28

ციკლიდან-უშენობა


ღრუბლები ქაფად მოიგდო ზეცამ
და ჩემს წილ მზეზე ჩამომეფარა,
მოგონებები დღეების შანდალს
პეპლის ფრთებივით ჩამოენაცრა.
ვუცქერ და აღარ მოჩანს ჩემი ცა,
შენი თვალები რომელზეც ვხატე,
შენი ღიმილი მითბობდა ზამთარს,
შენი ღიმილით ვუძლებდი ხვატებს.
ახლა სადა ხარ, სულის მეუფევ,
უშენო წლები ხელში მადნება,
ყველა ტკივილი ვაქციე ლექსად
და შევინახე ძვირფას მადნებად.
მიყვარხარ, ანდა იქნებ-მიყვარდი...
სევდა თვალებზე ამოვიტვიფრე,
ამხელა გრძნობის ტარება მხოლოდ
შენი ღიმილის გამო ვიტვირთე.
ის მინათებდა გვირაბის ბოლოს,
როდესაც დარდი შიგნიდან მჭამდა
და ქვეყანაზე მაგ მზერის იქით
არავითარი სხვა მზე არ მწამდა...
ღრუბლები ქაფად მოიგდო ზეცამ,
იმედი სხივად გამოეპარა,
იანვრის სუსხში შენი სახება
გულზე კვირტებად ამომეყარა.
კომენტარები (0)