ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 33

მოხვალ ჩემამდე...


მოხვალ ჩემამდე, გარდუვალია,
კვალს მოგასწავლის ქარი-თავნება
და თუმცა გზები გაუვალია,
შენი სავალი ჩემთან თავდება.
მიპოვნი თეთრად ნაკვეთ მღვიმეში,
კლდეთა ნაპრალში ამოსულ ყვავილს,
გადაურბენენ ბაგეს ღიმები
და მარტოობას გაუვა ყავლი.
მოხვალ ჩემამდე, მოგიყვანს ბედი,
შენს მონატრებას ვამსხვრევ რიფებზე,
მე უშენობას ფეხდაფეხ ვსდევდი,
ვაჯადოებდი მითით ნიმფებზე.
ზღვათა ბობოქარ მქუხარებაში,
მე დაგატყვევებ, როგორც კალიფსო
და თუ დამტოვებ მწუხარებაში,
მიჯობს, ორივე თვალი დავივსო.
ჩემი ნაპირი სავსეა შენით,
ენაცვლებიან ერთურთს ბრიზები,
მოხვალ ჩემამდე, ვისუნთქებ შვებით
და სიყვარულში შეგეჯიბრები.
კომენტარები (0)