ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 34

Ars longa...


მე არ მაქვს სულის უკვდავება, (არც- ამბიცია)
და არც ძარღვებში არ დამიდის ღმერთთა იქორი,
მაგრამ როდესაც მტკიოდა, ან არაფრის მწამდა,
ყველა იარას ლექსის წერით უმალ ვიქრობდი.
ხატვა არ ძალმიძს, რომ მოვხატო, რასაც ვწერ კალმით,
თორემ ჩემს ლექსებს ექნებოდათ სუნიც, ფერებიც,
ფუნჯით შევქმნიდი იმ საოცარ სამყაროს გამას,
სადაც მე მტკივა, მაგრამ მაინც სხვებს ვეფერები.
რომ შემძლებოდა, პეიზაჟებს გავაცოცხლებდი,
სადაც უჭკნობად იხარებდნენ ორქიდეები,
სიტყვებსაც ისე ჩავაწნავდი ყვავილებს თმაში,
გაუქრებოდათ მონატრება შორი დღეების.
შევქმნიდი ადგილს ლექსებით და ფერებით სავსეს,
გულების ნაცვლად ყველას მზეებს მივახატავდი,
იმ სამყაროში ითქმებოდა მხოლოდ ,,მიყვარხარ",
არავითარი-,,დავიწყება", ,,დარდი", ,,ნახვამდის"...
ფერწერა, როგორც პოეზია, სულის შვებაა,
რომ გააშეშო წამი, თანაც-სამარადისოდ,
რომ უკვდავება ჩაუსახლო სიტყვებს და ფერებს,
თუნდ ზენამ მეტი მოწყალება აღარ გაღირსოს.
მე არ მაქვს სული მარადი და არც-ამბიცია,
არც ჩემს სუსტ ძარღვებს არ აჩქროლებს ღმერთთა იქორი,
მაგრამ ერთი მწამს-ხელოვნება უზენაესი,
ფერების ჯადო, მომნუსხველი ძალა სტრიქონის.
კომენტარები (0)