ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 58

*** ჩემში პოეზია...


ჩემში პოეზია დამწიფდა და
რითმები დამცვივდა ფოთლებივით,
მერე უცებ შიში შემეპარა,
ვაი, თუ სული დამრჩა მოთელილი?!
ვინ იცის, იქნებ, სულ ლექსად დავდე,
რაც კარგი გამაჩნდა ბოძებული,
იქნება, მე დამრჩა ქვის ლოდები
და სხვებს დავურიგე ძოწეული?!
ვინ მეტყვის, რად ვქარგე სტრიქონები
ოქროს ძაფებით და ქარაგმებით,
როცა სული დამრჩა შიშველი და
გადაულახავი ქარაფები...
ჩემში პოეზია დამწიფდა და
მივეც, რაც გამაჩნდა საქებარი,
სიტყვებს ვემონე და ვაბატონე,
ლექსი მომივარდა სატევარით.
ჯანდაბას შიშები ეჭვნარევი,
მერე, რა, თუ დავრჩი გაძარცვული?!
რითმებში ვაგრძელებ არსებობას
და მკვდრეთით აღვდგები დანაცრული.
კომენტარები (0)