ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 34

ამაოების ბაზარი


ცხოვრების გზაზე შეგხვდებიან ზოგჯერ მავანნი, 
ზოგიერთს მზე აქვს ხელისგულში და ზოგს-ტალახი,
ვიღაც ისეთი სათნო არის, ცრემლით დაბანდი,
ვიღაც კი ქვესკნელს გამოექცა ბნელი ტალანით.
თუ გინდა, ვინმე გულში დაჭრა, მართალი ცამდე,
დასწამე ცილი, რომ მიუხვდი ვითომ ავ ზრახვებს,
ერთხელ თუ არა გამოგივა, მეორედ სცადე,
(ზოგჯერ ობობაც თავის ქსელში მსხვერპლს ძნელად ახვევს).
კეთილი თუ ხარ, ვის ადარდებს შენი გრძნობები,
ნიჭიერიც ხარ? მაშინ უფრო სწრაფად ობდები,
სამოთხის გწამდეს, იქაური ხსნის და ცხონების,
გადაინახე ზარდახშაში ძველი ოდები.
ხოლო თუ გინდა, მოიარო გზა და ხნულები
და მარცვალ-მარცვალ ჩამოთესო მზე ჩვენს გულებში,
იმედი, თუ გაქვს, რომ ოდესმე გაზაფხულდები,
მაშინ იცოდე, რაც დათესე, ჰბანე წყლულები,
არ დაგიფასებს კაცთა მოდგმა, წესია ასე,
ტალახს გესვრიან, მზე რომ თესე, ხელი არ ახლეს,
შენ ვინ შეგიცნობს, აქ სამსალა მესიას ასვეს,
აქ ბროწეულის ყვავილივით ფერიას ავნეს.
ცხოვრების გზები სალხინო და ზოგჯერ-საზარი,
შენ უნდა განვლო ღიმილით, ხან-გოდება-ზარით,
შენარჩუნებას ვინ დაგაცლის სახის-მწყაზარის,
ამაოებად უქცევიათ ყველა ბაზარი.
კომენტარები (0)