უნდა მოგწერო წერილი


ვაითუ, თქმა ვერ მოვასწრო და... მოგწერო უნდა,
რომ უშენობა სახადივით შეჰყრია სხეულს,
რომ უხსოვარ დროს, ათას წლის წინ მეხილვე თუნდაც,
დუმილის სევდით ამივსებდი სულის ორეულს...
გაგვყრიდნენ გზები... როგორც მაშინ, ახლაც ასეა:
ადგილებს გულში ანაწილებს მხოლოდ განგება,
და მოგონილი სიყვარული, ვით პანაცეა,
უპასუხობის ქარ-სიცხეში კვლავ ითანგება...
დამაგვიანდა - როგორც მაშინ, როგორც ყოველთვის,
ყველა პაემანს უხერხული სჭირდა სიმორცხვე,
მე რა ვიცოდი, დასაკარგად თუკი გპოვებდი...
მე რა ვიცოდი, შებინდება სწყენდათ მიმოზებს...
ერთი სხივიც და, ჩავიდოდა მზე უძლეველი,
განა, ვინ ვიყავ, გათენებას მე ვინ მკითხავდა,
და, გაუსაძლის სიშორეთა უხმო მხმეველი,
წყალს ვუამბობდი, რარიგ მწამდა, რარიგ მიყვარდა...
უნდა მოგწერო, როგორ ვზარდე სიტყვა საძნელო,
კლდეს და კბოდეს რომ შევატოვე ფეტვის მარცვლებად,
უნდა მოგწერო და, ეულმა, გზა გავაგრძელო,
არც გამარჯვებას დაველოდო, არც - დამარცხებას...
უნდა მოგწერო ნატვრა, ცხადშიც სიზმრად ქცეული:
ერთი მაგიდა... ორი სკამი... და ჭიქაც - ორი...
ტანგო... ნაბიჯი, ოდნავ ნელი და არეული,
ამბავი ძველი, ღვინოც - ძველი. მართალი. ჭორი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი