მხოლოდ ზღაპრებში


ნეტავი, ქარი წაიღებდეს ახლა ამ წუთებს,
დამავიწყებდეს, რომ მელოდნენ სადღაც, ოდესღაც,
არას ვნატრობდე... არც მნატრობდნენ აღარასოდეს
და მეგონოს, რომ ყველაფერი მხოლოდ მომესმა,
რომ სიზმარია სინამდვილე, მე კი ზღაპარში
სულაც ცარიელ ფურცელივით შემოვრჩი მწერალს,
რომ გული ჩემი, ჯოჯოხეთის ქვაბში ნახარში
ფეთქავს კი არა, გაქვავდა და არაფრის სჯერა.
ო, სწორედ ახლა რომ მომგვარონ ძილი საღათას
და სიზმარივით აუხდენელ სარეცელს ვცვეთდე,
მოგიყვებოდით, რა სასტიკად და უსამართლოდ
მიყვარდა, მძულდა:  დიდი ხნის წინ, ახლაც და დღემდეც...
იქნებ, მოსული აქამომდე ესე ამბავი
არც ღირს სათქმელად... განა რამდენს უნდა გავუძლო.... 
მხოლოდ ზღაპრებში ეძინებათ მზეთუნახავებს,
დედამიწაზე - ტკივილია მათი საუფლო!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი