ვინატრებ ყავას


მიყვარხარ ცამდე და ცის იქითაც...
გაღმა ნაპირთან ყივის თოლია...
ვინატრებ ყავას შენი ჭიქიდან
და უშენობის მელანქოლიას...
ზღვა კი - სულ სხვაა და, სხვაზე მეტიც,
მჭირდეს, ეგება, სენი მშფოთვარე...
მახსოვს, სუნთქვას რომ გინაწილებდი, 
დასავიწყებლად რომ გეცოტავე...
ახლა კი გნატრობ ცამდე... ცის იქით...
მზესავით შორს და ზღვასავით ნაცნობს...
ჰო, მახსოვს, გულისცემას გითვლიდი
და უთვალავი ღიმილიც მახსოვს...
მიყვარხარ, გდარდობ და უფრო მეტად
მამხელს ეს ფიქრი და ვნება - მწველი...
ნეტავ, მისმენდე... მისმენდე, ნეტავ...
ვდგავარ და ნატვრის ახდენას ველი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი