არაფერია


დიდი ხანია, არაფერი მომიწერია...
დაგმანულ ღრიჭოს შევატოვე ბოლო ფურცელი...
არაფერია... იქნებ, მართლაც არაფერია,
ის ყველაფერი, რაც რომ მჭირდა და გავუძელი...
ზღვამ გამორიყა შარშანდელი შიში უბირი
და უშენობის ტკივილებით შობილი სევდა,
სიტყვებს ვკემსავ და ვიმალები ნემსის ქურდივით,
თითქოს გხედავდე, თითქოს მყავდე, ლაპარაკს გბედავ...
არადა, წლები - სინამდვილის მოდარაჯენი,
ისე მიდიან, აღარაფერს ტოვებენ სათქმელს,
დაუწერელი დარჩენილა, თურმე, რამდენი...
რას არ დავთმობდი, რომ მელოდე ოდესმე, სადმე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი