ქვეყანა ერთი


იყო ოდესღაც ქვეყანა ერთი,
ზღაპრის სადარი:
მზის კაცებით, მთვარის ქალებით...
სახლებით - მთებით და ქვაბულებით... 
პურის ყანებში მზის შვილები - მზესუმზირა, თბილი ბალღები
ფიქრებს მწყემსავდნენ,
დედა ჩიტები აკვნებივით არწევდნენ ღრუბლებს
და ღამღამობით ატლასის ცაზე
ჭრელაჭრულა სიზმრებს კემსავდნენ.
სალი კლდეები - გუშაგები ღვთის და სინდისის,
საკუთარ მკერდით იფარავდნენ თურმე ღირსებას,
ბებერი რქებით ხნული გაჰქონდათ ნიკორა ხარებს
და სიყვარულით გულებს ივსებდნენ.
ოხშივარივით ასდიოდა სიცოცხლეს ვნება,
ტრფობის ხვაშიადს ინახავდნენ მიწის ბელტები,
ადამიანის სული ედგა ჩანგსა და ებანს,
ომში წასული კაცის ამბავს 
უამბობდნენ მერცხლებს მერცხლები.
მჭახე ჭალაში შავი შაშვი ჩიოდა დარდებს,
ცისკრად დუმილსაც ისმენსო ღმერთი - სჯეროდათ ასე...
იყო ოდესღაც ზღაპრის მსგავსი ქვეყანა ერთი,
ქვეყანა - მზით და სიმღერით სავსე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი