გემბანი


საათის წიკწიკს მოისმენენ,
როგორც განაჩენს
და გულისცემას ყურს უგდებენ ახლა კედლები,
დაბრუნდებიან წერილები ძველ მისამართზე
და უპასუხოდ დარჩებიან, ალბათ, ლექსებიც.
დასასრულია. დაიხურეს ქუდები წლებმა,
და უფსკრულებად გადაიქცნენ ძველი ბზარები,
გეზი დაკარგეს გადამფრენმა თეთრმა ჩიტებმა,
თრთის გემბანებზე მუქი ჩრდილი დახრილ თვალების...
ჩუმად არიან სათქმელებიც - სახელდახელოდ
გულის უბეში გამოზრდილი კატის კნუტები,
ზურგის ქარს ნატრობს გემი ძველი და უსახელო
და ზვირთებივით ტორტმანებენ კაიუტებიც.
დასასრულია. არის სცენა, არის ფინალი,
სადღაც დარია, უქარობა და მდუმარება...
დგანან ხეები: აშოლტილნი და პირმცინარნი
და სინამდვილეს აცდენია უცხო ზმანება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი