რად მეშორები


რად მეშორები, მზეო ჩემო... მთის წვერს გადასცდი,
შებინდებისას კიდევ უფრო, ვიცი, გინატრებ,
მე ფეხაკრეფით დავაბიჯებ ამ ქვეყანაში,
რომ ზეყანაში კვლავ ვიხილო შენი სინათლე...
დაშრა ლოდინი, როგორც წყარო -; ხრიოკ გვალვაში
და მტრედისფერი ოცნებები გაუყვნენ ნისლებს,
უთქმელი სევდა შევიმოსე ფიქრთა მარმაშით
და სინანულის საგალობელს დუმილით ვიწყებ...
მეშორე, მზეო... უსასრულოდ მეჩვენნენ გზები,
და ნაბიჯებიც მთის წვერამდე, ეგებ, მებევრა,
მონატრებამდე, მეათასედ, მე მგონი, ვკვდები,
სულის წიაღში მოღალული სწუხს ეფემერა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი