არაფერს დავწერ სიყვარულზე


არაფერს დავწერ სიყვარულზე, უკვე დამწერეს
მთებზე - ნისლებმა, ნიჟარებში - მარგალიტებმა,
ბოთლს ჩატეული წერილივით გამინაპირეს
და ხრიოკ მეჩეჩს შემატოვეს დროთა ზვირთებმა.
არაფერს დავწერ სიყვარულზე. მზემ თქვას და მიწამ - 
გულგამოვლილი, ფერნაცვალი ტრფობის ტროპარი,
რტოები სიტყვებს დამირწევენ და დაუვიწყარს,
ტკბილ ამურს კრძალვით შეუთვლიან შესანდობარებს. 
არაფერს დავწერ. დაუწერელ ფიქრს და ზმანებას
დედამიწიდან იის კვირტიც ამოიყოლებს,
დღეა იმგვარი, მოიხდენდა სრულ მდუმარებას
და გულის კედლებს ამოტვიფრულ, მეტყველ სტრიქონებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი