მონატრების ნაპირებს


************
ძვირფასო, უკვე მონატრების
ნაპირებს გავცდით,
რაღაც ახალი შევამჩნიე
ძველ ფოტოებზე.
ჩვენს გაზაფხულზე შემოდგომა
ოქროსფრად გაშლის,
მომეტებული ნოსტალგიით
ავტოპორტრეტებს.
ნუ შეგაშინებს ზამთრის ღამე
სუსხიან ქარით,
ეს მხოლოდ ძნელი ამინდია,
სხვა არაფერი,
მომხვიე მხრებზე გაზაფხული
გაშლილი ატმით,
ჯერ კიდევ ფეთქავს ცელქი სხივი
დაღლილ თვალებში.
ლურჯი იებით ქუჩის თავში
მალულად დამხვდი,
როცა სურნელი აფეთქდება
მწვანე რტოებზე,
შეგვეფეთება
ეჭვიანი ქალივით მარტი
და შემოგვაყრის
თეთრ ყვავილებს 
გამთბარ გრძნობებზე.
...ძვირფასო,
უკვე მონატრების
ნაპირებს გავცდით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი