არაფერიც არ მომხდარა


არაფერიც არ მომხდარა,
რაღაც დიდად გასაკვირი.
ცით ვარსკვლავი ჩამომწყდარა,
ასწყვეტია ღამეს ღილი.
ბიჭმა სიზმრად გოგო ნახა,
გოგომ ფრთები აპოვნინა,
გაისწორა მორცხვად კაბა,
თბილ ლოყაზე აკოცნინა.
არაფერიც არ მომხდარა,
არც ღირს ამის გაკვირვება,
თვალებს მხოლოდ მოემატათ
უცნაური ჩაფიქრება.
შეხვედრების აღმაფრენა,
ღიმილების აღელვება,
გულში მზეთა ამღერება,
სულში სხივთა გახელება.
არაფერიც არ ყოფილა,
ჯერ რომ სხვაგან არ მომხდარა.
იქვე, ალუბლების ტოტზე, 
გაზაფხული ჩამომჯდარა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი