ბედუინები


გავხდეთ მე და შენ ბედუინები.
ქვიშიან გზებით ავედევნოთ 
უდაბნოს სიზმრებს.
სიცხით დასუსხულ ზარათუშთრას 
ყვითელ ხილვებში
ცეცხლის წინ ვისხდეთ.
გავხდეთ მე და შენ ბედუინები.
ირიბად აჭრილ დიუნების
გავშალოთ ხედი
და აქლემების კუზებიდან 
ამოზრდილ ჩრდილებს
ქარვისთვალება მოთმინების
მივართვათ ძღვენი.

გავხდეთ მე და შენ ბედუინები.
გადავივიწყოთ ყველა სიტყვა,
რაც უკვე ითქვა.
აქ მდუმარების ქარავნების
გავხდეთ მგზავრები,
მეწამული ზღვის ჰორიზონტზე
აწყვეტილ ცისკარს
მოგვიშუშებენ ცხელი ფრთებით
ქვიშის ქარები.

გავხდეთ მე და შენ ბედუინები.
ლალისფერ დაისს
შევულოცოთ მზის გახელება
და ხაოიან ღამეების 
ელამ თვალებში,
შეთქმულ სიტყვებით
ერთმანეთი გაგვახსენდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი