0 18

მწვანე შუქი


ჩემს სენტიმენტებს 
ახლა ძმრის და 
ნივრის სუნი აქვთ.
და არც მადარდებს, 
ესე იგი  შენც არ გადარდოს
იმან, რომ ახლა 
ამ ნეკნის ქვეშ სველი შუქია,
(თან ცოტა ვშიშობ, 
ეს სიგიჟე შენც არ გადაგდო.)
მწვანე შუქია, 
მწვანეც არა,  უფრო ადვილი,
უფრო ფრთხილი და ჩატეული
ტონების მწკრივში,
რაც უვადოა და უთუოდ 
ნიშნავს  ადგილი
რომ აღარა აქვს ამ ნეკნის ქვეშ
სხვანაირ ტკივილს.
მწვანე შუქია, 
ახორკლილი ესტაკადებით
მიაქანებენ რკინისა და 
პლასტმასის პლაზმებს
ვერდაკარგვებით, 
ვერპოვნებით, 
ვერდანახვებით,
ვერგაგებული 
მარშრუტების 
ვერგავლილ გზაზე.

ვიცი, ნუ მეტყვი! 
სენტიმენტებს 
ქუჩის აბრების,
ხმელ სარეკლამო ამინდების 
დაედო ფერი.
გადავეჩვიე, 
ნუღარც შენ ნუ შეგებრალები,
მწვანე შუქია - 
გაჩერება ყოფილა ძნელი. 
გლუვი სიზმრების 
უჯრედოვან დანეკროზებით
სიცარიელე ნეკნების ქვეშ 
ხელს აფათურებს
და ზეცისფერი, 
ნეილონის ანგელოზები
ჩამოგვკიდებენ 
რთულ კითხვებზე 
ფერად ნათურებს.
კომენტარები (0)