0 37

შუმერული სიზმარი


ურუქის ღამე.
დაბინდული ღმერთის თვალები.
უსურვაზების ფოთლებიდან
იღვრება ნისლი.
ცა, ლომის ბრჭყალით გაკაწრული
ცეცხლის ალებით
- ვარსკვლავებს ყვირის.
აამღერა მთვარე ნინგალმა,
ნამგალივით ზურგს მოურკალავს 
ყვითელ ალერსით,
გაშლილი სივრცით მოვიფიქრებ
მანძილს იმგვარად,
გზა მოგასწავლო დახვეული
ფიქრის ხაზებით.
სიზმრიან კვალით
დაბრუნდები
იშთარის კართან,
მოიტან ქურციკს ნანადირევს-
-შუბზე ალესილს,
მთვარეულ სახლთან 
დაფიონის ფერი ცით ვდგავარ,
გამოგონილი და ნაზმანები...
გხედავ და ვხვდები;
ვინც მეყვარება, ის მიყვარს და 
მუდამ მიყვარდა,
დამკიდე მძივად შეხვედრების 
ფერადი ქვები,
მე დავიწყების ლაჟვარდიან
ბურუსს მივყავარ -
ვიღვიძებ, ვქრები...
- უკვე ინათა.
აიშალნენ ლურჯი ღმერთები
ამოზნექილი კუზებიდან 
თიხისფერ მთების...
...ლანდებად დადის ჩვენს ეზოში
თეთრი ინანა
- გრძნეული ფრთებით.
კომენტარები (0)