თქვენ გამახსენდით


თქვენ გამახსენდით და უკაცრიელ 
გზებმა დაკეცეს ღამის აფრები.
თქვენ გამახსენდით, როგორც ცარიელ
სიტყვებს და ბგერებს ახსოვთ სათქმელი.

თქვენ გამახსენდით და თითქოს არც კი
ყოფილხართ ჩემი ხსოვნის ნაწილი,
თითქოს იდუმალ პირობის დაცვით
ერთმანეთს მკაცრი ფიცით დავცილდით.

თქვენ გამახსენდით- ირიბად გაბმულ 
სიზმრის სიმებზე თვლემენ ნისლები
და არეული კადრების ფარულ
ფრაგმენტებიდან სცვივა ტიტრები.

მე გამახსენდით თქვენ უნებურად
და სულ სხვა ფიქრის გაფიქრებებით, 
მსუბუქად, ფრთხილად, ჩვეულებრივად,
ოდნავ შესამჩნევ გაფითრებებით.

თქვენ გამახსენდით ისე ადვილად,
ისე უეცრად, ისე სავსებით,
რომ აღარც ვიცი, იქნებ არც კი ხართ
და იქნებ მხოლოდ მე გამახსენდით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი