0 57

ახლა, როდესაც


ახლა, როდესაც ყველა სიმართლეს
გახელილი აქვს ფიქრის თვალები,
ახლა, როდესაც ბედის სიმაღლე
გადახრილია გზების ბზარებით...

ახლა, როდესაც საშიშად ხშირად
მელანდებიან ჩუმი მგზავრები,
ბონდის ხიდიდან ბინდიან ნისლად
გადმოსულნი და გადმოსასვლელნი...

ახლა,როდესაც უმიზნო მიზანს
უბრალოდ ვარქმევ უამინდობას,
ვეჩვევი წვიმის ნაცრისფერ სიზმარს
და ნოემბრებზე სრულად მინდობას...

ახლა, როდესაც ვამბობ სახელებს 
და თან ხელებზე ვგრძნობ ცოცხალ ბგერებს,
ახლა როდესაც სიტყვებს ვახველებ
ყოველი უხმო ყვირილის შემდეგ....

ახლა, როდესაც ფეხებთან კნავის
კატის კნუტივით ჩემი სიმხდალე,
(დასაკარგავად ვერ გავიმეტე
და მაინც ხელში ვერ ავიყვანე.)

ახლა, როდესაც თვალებში მიჩანს
ფრთაშეტრუსული ხსოვნის ჩრჩილები,
ცაზე ალესილ ღამეს, უჩინარს,
რომ დაუსუსხავს ბასრი სხივებით...

ახლა, როდესაც ვდგავარ წარსულთან
სულში შერჭობილ აწმყოს ხიჭვებით ..... 
და ახლა ... არ ხარ...სადღაც წასულხარ,
ახლა...როდესაც ასე მჭირდები....
კომენტარები (0)