0 2323

„მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი“


სადღაც შუაში-
არყოფნასა და ყოფნას შორის,
სიზმრისა და ღვიძილის გასაყართან,
დროისა და უდროობის ზღურბლზე,
ქარად როცა ვქროდი,
შენ მიპოვნე და 
თბილად მიმიყუჟე გულის ქვეშ....
-ხელი გამოგესხასო,
ფეხი გამოგებასო,
გული აგიძგერდესო,
სული აგიმღერდესო,
თვალი გაგინათლდესო,
ფიქრი გაგიმრავლდესო.

ბევრჯერ მიტირია.
-რად არ მკითხეთ, მინდოდა კი
გაჩენაო?
-არც ჩვენთვის უკითხავთო...
ბევრჯერ მინანია
-განა ღირდა ქარად ყოფნის დათმობაო?
-ადამიანად ყოფნა ვალიაო...

ახლა, ფეხგამობმული,
ახლა, ხელგამოსხმული,
ახლა, თვალში ჩინით და
ახლა გულით მფეთქავით,
ფიქრით, ფიქრზე ნაფიქრით,
სულით, ბევრჯერ ნაჯიჯგნით,
ხელებს მაღლა აღვაპყრობ,
როგორც ერთდროს-არასდროს...
როგორც კათაკმეველი,
წარმართ ღმერთის მჭვრეტელი,
ლილეს მადიდებელი...
გვედრი!!!
-ამომიშენე სიმშვიდის გალავანი,
შენ ხომ ერთხელ მეც ასე ამომაშენე არყოფნიდან,
ამომიშენე სიმშვიდის კოშკი
მაღალი ქონგურებით,
რომ ხანდახან, ქარად ქცეული,
ჩემს სიზმრის ნაპირებზე ვქროდე...


ყველა ქარი ერთხელ სადღაც დგებაო...
ყველა წყალი ზღვაში იკრიბებაო...
ყველა სიტყვა სიტყვაშივე დნებაო...
ყველა ფერი ფერში იბადებაო...
ყველა კითხვა კითხვაშივე კვდებაო..

„მზე დედაა ჩემი...
მთვარე მამა ჩემი...
ეს წვრილწვრილი ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი...“
კომენტარები (0)