ზვიადის მამა


ერთი კაცი იყო...
ნიჭიერი...
ყველაფერს რომ თავისით აღწევენ ასეთი კაცი.
სოფლიდან რომ ჩამოდიან და უზარმაზარი შრომის ფასად თავიანთ ადგილს რომ პოულობენ მეტიჩარა ქალაქში...
ან მეტიჩრებით სავსე ქალაქში
ან ასე, მეტიჩარა მეტიჩრებით სავსე ქალაქში.
უშრეტი ენერგია დახარჯა რომ თავისი კუთხე ჰქონოდა, თავისი სამყარო შეექმნა.
ადამიანები ბატონოთი მიმართავდნენ, ეს დაუწერელი კანონი იყო მასთან ურთიერთობაში.
დღე და ღამე იჯდა კაბინეტში, რომელსაც ეკავა სახლის ყველაზე დიდი ოთახი და წერდა ან თარგმნიდა.
იქ მხოლოდ წიგნები , ხელნაწერები, ძვირფასი საკალმეები, ფოტოები, სამელნეები, ფერადი კაპიროვკები და ორი საბეჭდი მანქანა იყო.
ქართული რომელსაც მთელი ბავშვობა მივეპარებოდით და ვაჩხაკუნებდით როცა სახლში არ იყო და გერმანული, რომელიც ისე "ძერსკად" გამოიყურებოდა რომ აზრად არ მოგვდიოდა ახლოს მივსულიყავით.
ორი მზე ვყავდით ამ კაცს ცხოვრებაში.
ლექსებს გვიწერდა.
წიგნებს გვჩუქნიდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა წერა-კითხვაც არ გვქონდა ნასწავლი, სამახსოვრო წარწერით.
ყოველ დღე მოჰქონდა ახალი წიწილა "ბულიონისთვის"
მუხლები რომ აგვტკივდებოდა ფუტკრის შხამს გვისვამდა და მერე სანამ არ გავყუჩდებოდით ოთახიდან ოთახში დაგვატარებდა.
სკოლიდან რომ მოვიდოდით ხელებს დაგვბანდა, გვასადილებდა და გვაძინებდა შუადღის ძილით, რადგან თვლიდა რომ აუცილებელი იყო ჩვენი გონებისთვის შუადღეს დაგვესვენა. 
ჩვენ კი გადავბრუნდებოდით კედლისკენ და უაზროდ ვიცინოდით.
ო როგორ ვნატრობთ ახლა დაგვაძალოს ვინმემ შუადღეს დაძინება.
როცა შუქი არ იყო, ვისხედით ოთახში ჩვენ სამნი და დედა და გვიყვებოდა ლეგენდებს, ისტორიებს, მოთხრობებს მაგრამ არასოდეს თავისას. 
ჩვენ გვიტოვებდა არჩევანს გვინდოდა თუ არა წაგვეკითხა, გავცნობოდით რას წარმოადგენდა და მოგვიანებით გავიაზრეთ მისი ნიჭიც და როლიც როცა მისი წიგნების კითხვა დავიწყეთ.
მხოლოდ 9 წელი გავატარეთ ამ საოცარი კაცის გვერდით. 
ვინ იცის რა ვიქნებოდით, ვინ ვიქნებოდით მეტი დრო რომ გვქონოდა ერთად ყოფნისთვის. 
უზომოდ ნაღვლიანი შემორჩა ჩემს მეხსიერებას. 
მახვშის სკამზე იჯდა მაღალი, გამხდარი მოხუცი, ერთადერთი ბიჭის ცხედართან და არავინ იცის რაზე ფიქრობდა ამ დროს. 
არაფერს ამბობდა, არაფერს...
ასეთი იყო აკაკი, ბატონი აკაკი, ლამაზი ბიჭის, ზვიადის მამა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი