0 68

ციგნის გოგო...


სამსახურში შემოდიოდა ჩემთან ერთი გოგო... 
ციგანი იყო...
ქცევით არ ჰგავდა მის ნათესავ, ახლობელ ციგნებს. 
სავსე, თეთრი მკერდი მოუჩანდა ოდნავ ამოღებული, გახუნებული ზედატანიდან.
გრძელი ფეხები და საოცარი ღიმილი ჰქონდა.
რაღაცნაირად დავმეგობრდით
შემოდიოდა და მიხაროდა.
არც მოპარვა იცოდა, არც ზედმეტად ხელის ფათური. 
შემოვიდოდა, იყიდიდა სამ ცალ 5 ზომა პამპერსს, მორცხვად დახრიდა თავს და გადიოდა.
ეს მანამ, სანამ დავმეგბრდებოდით.
მერე ნელ - ნელა კითხვები შევაპარეთ ერთმანეთს და გავიგე რომ მხოლოდ 19 წლის იყო , პატარა შვილი ჰყავდა და მისი ქმარი უვლიდა. 
თვითონ კი ამ ლამაზი თხელი ტერფებით მთელი დღე დააბიჯებდა ქალაქის ქუჩებში და სხვადასხვა ნივთს ყიდდა.
სანამ გათხოვდებოდა და იმ კაცს გაჰყვებოდა, რომელიც ალბათ ყველაზე ბედნიერ მომავალს ჰპირდებოდა, მოკლე შორტებითაც უვლია, ცხვირზე პირსინგიც ჰქონია და მეტად ლაღიც ყოფილა ვიდრე ახლა, აფთიაქში შემოსული პამპერსის საყიდლად.
ადამიანებს გვჭირდება სევდა, ვერ ვძლებთ უამისოდ, ვერ ვძლებთ დიდხანს ბედნიერები.
სულ ვეძებთ რაღაცას, რაც გვატკენს და ვღებულობთ კიდეც თან ბევრად უფრო ადვილად ვიდრე სიხარულს და სილაღეს.
ჰოდა ეს გოგოც ასეთი იყო, რომ არ უნდოდა რამის თქმა და რომ წამოცდებოდა მაინც რაღაცა.
არ იყო ბედნიერი 19 წლის გოგო, რომელიც ყოველ დღე 10 ლარს იხდიდა რომ ღამე მშვიდად გაეთია.
მათი დანახვა რამდენი წელია სხვა თვალით მინდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ვაგზალზე ერთი ციგანი ამეკიდა და გიმკითხავებო შემიჩნდა, მერე როცა მიმკითხავა და რაღაც საშინელებები მიწინასწარმეტყველა ციგნები მტრები გახდნენ ჩემი , მე კი უგულო მათ მიმართ.
მაგრამ ეს გოგო... ეს გოგო არ ჰგავდა არავის.
რა საოცრად იცეკვებდა ალბათ მოცეკვავე რომ ყოფილიყო
ან რა საოცრად იცურავებდა ცურვაზე რომ ევლო ბავშვობაში.
რამდენი რამ შეუძლია იყოს ადამიანს და ხშირად არასწორ ადგილას ხვდები, ან არასწორ გარემოში ან არასწორ ადამიანებში და დამთავრებულია იქ შენი სიხარული.
მერე მთელი ცხოვრება იწყებ ბრძოლას და ამ ბრძოლაში ან კვდები ან უბრალოდ არსებობას აგრძელებ.
სუნთქავ, მაგრამ არ იცი რა არის ბედნიერება
რა არის მათთვის ბედნიერება? იცის ვინმემ? 
ხომ აქვთ მათ გული და ამ გულში თავიანთი წილი სევდა
თვალებში დარდი და ნაღველი.
როგორ არა, არასოდეს  დაკვირვებიხართ? 
არავინ თანაუგრძნობს მათ და ეს არ სტკივათ ვითომ?
არსებობს ადამიანი ვისაც უყურადღებობა და გულცივობა არ სტკივა? 
ციგანი იყოს თუნდაც.
ნეტავი თუ აქვთ რაიმე ნიჭი გარდა ქურდობისა? 
ალბათ აქვთ, ცეკვის ან სიმღერის , იქნებ მათემატიკური, 
იქნებ რაიმე განსაკუთრებული უნარებითაც გამოირჩევიან მაგრამ ყველანაირ უნარს კლავდნენ მათში ბავშობიდან.
პატარა გოგო-ბიჭები დარბიან ჩემს შორიახლოს ყოველ დღე. 
ისინი ვერ ხვდებიან რომ ბედნიერი ბავშვობა არ შეიძლება იყოს აფთიაქიდან მაღაზიაში სიარული, მაღაზიიდან ბაზარში, ბაზრიდან კიდევ სადღაც და მეტი მოპარული ნივთის შეგროვება.
მათ არ იციან რომ არსებობს ვენდისი
არსებობს მაკდონალდსი, ფოკუს - მოკუსი და კიდევ უამრავი რამ.
მათ არ იციან როგორი ზეიმი აქვთ ბავშვებს გამოსაშვებ საღამოზე, სკოლაში ან ბაღში.
არ იციან როგორი სათამაშოები ამოდის ჰეფი მილში 
არ იციან რომ შეიძლება დელფინებთან ერთად ცურვა
არ უნახავთ ზღვა
არ უთამაშიათ ქვიშიან სანაპიროზე
არ უხდიან დაბადების დღეს არც ცენტრში, არც ეზოში 
არ უყვებიან ზღაპრებს და არავინ კოცნის შუბლზე ძილის წინ.
იციან ის რომ დაბადებისთანავე გაახვევენ სქელ ადიალებში, მოიგდებენ ზურგზე და დაატარებენ აღმა და დაღმა მანამ სანამ აიდგამენ ფეხს. 
მერე მიჰყვებიან დინებას.
იზრდებიან 
აკეთებენ არჩევანს და 16 წლის ასაკში იხსნიან პირსინგს 
მიჰყვებიან იდიოტ კაცებს 
აჩენენ ბავშვებს და დადიან ლამაზი, მკერდსავსე, მაღალი გოგონები ვარდისფერი ეპილატორებით , საპარსი ბრიტვებით ან უხარისხო „ნასკებით“ ხელში, რომ საღამოს ქმრებს და პატარა გოგონებს საჭმელი აჭამონ.
კვდებიან რადგან ყველაზე მეტად სურდათ სიკვდილი.
კვდებიან რადგან სულში ახშობენ ყველაფერს კარგს.
სადღაც ტოვებენ ადამიანის სახეს, ლამაზი თვალ-წარბით, წითელი გაბურცული ტუჩებით და გარეთ გამოსულები ემსგავსებიან ტყის ცხოველებს, თავიანთი ქცევით.
არასოდეს უსვიათ წითელი მანიკური რადგან ის ლამაზია და არ მოსწონთ ეს
არასოდეს ივარცხნიან თმას, რადგან ყველაზე ლამაზი თმა აქვთ და უხარისხო საღებავებით ამასაც ანადგურებენ
ატამივით რბილ კანს მოუვლელობით აჭკნობენ, მზეზე აშრობენ.
კვდებიან პატარა გოგოები, ციგნის გოგოები,
კლავენ საკუთარ თავს, კლავენ ერთმანეთს უსიყვარულობით.

შემოვა ხვალ ისევ ის ლამაზი გოგო აფთიაქში
იყიდის სამ ცალ 5 ზომა პამპერსს და გაბრუნდება სევდიანი სახით ჯერ ბაზარში, რომ რამე გაყიდოს, შემდეგ კი თავის ბუნაგში, რომელშიც 10 ლარს იხდის ყოველ დღე.
შვილს რომ დააძინებს ალბათ მიწვება თვითონაც დაღლილი საწოლზე და გაახსენდება 16 წლის გოგონა, რომელსაც გათხოვებამდე ჰქონდა პირსინგი
კომენტარები (0)