ქუჩა


ისე იწვიმა გაზაფხულის ამ მშვიდ საღამოს,
რომ თითქოს ზეცა ჩამოვიდა სტუმრად მიწაზე,
გალუმპულ ქუჩას შემოაცვდა სველი პერანგი
და ქვის გულმკერდზე წვიმის წვეთი ცრემლად ედინა.
ზამთრის მანტია გაიხადა დღეს მარტის მთვარემ,
ქუჩას დახედა თვალმცინარმა და მიიმალა,
ქუჩა კი იდგა მოღუშული, გულქვა, პირქუში
და სველ საკინძეს წვიმის წვეთი ცრემლად უკრავდა.
წვიმდა თბილისში, წვიმის წვეთი ფერხულს ცეკვავდა,
ჭრილობებს ბანდა ზამთრისაგან გატანჯულ ქალაქს,
იდგა მდუმარე, ტანშიშველი ქუჩა უძრავად
და ქვეყნის ცოდვებს დაფარული ცრემლით იტანდა.
ისე იწვიმა გაზაფხულის ამ მშვიდ საღამოს,
რომ ქვის გულმკერდზე ქუჩას წვიმა ცრემლად ედინა.

14.03.2016
ნინო ნაჭყებია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი