0 97

კოლხური ჩანახატები


ტეხურის ჩხრიალს, ცივ კამკამა წვეთების შფოთვას,
ატეხილ ჭალებს, მოშაირე ხეების ფშვინვას,
ოჩოკოჩებით ჩასახლებულ მარტვილის ტყეებს
წარსული დროის აჩრდილები გულმშვიდად იცავს.
სადღაც მწვერვალზე მოგუგუნე პატარა საყდარს,
სისხლის წვეთი და ფესვის ნიჭი, რომ ასაზრდოვებს
აღარ სჭირდება ოცნებების საქარგი დაზგა,
მას ქართვრლობის შეძახილი გაახმოვანებს...
ასხის ფერდობზე ოჯალეშის მძიმე მტევნები
წვეთ-წვეთ ჩარეცხავს სულის ტკივილს ბევრს, რომ აწვალებს...
წითელ წინწკალა კალმახები ჰყვებიან ამბებს 
და წყლის წისქვილებს ატრიალებს ტეხური ახლაც.
სადღაც შორეთში ჩაკარგული წარსულის ფესვებს
აღმაშენებლის ნატერფალი მუდამ თან ახლავს,
ჭყონდიდის მუხა კვლავ შეკრიბავს უთვალავ ლაშქარს
და ქუდზე კაცი დაიჩოქებს ღვთისმშობლის ხატთან...
ტეხურის ტალღებს ჩამოჰყვება ოდოიას ხმა,
ოჩოკოჩები გამართავენ ფერხულს მინდვრებში,
ასწლოვან ჭადრებს შეაჟრჟოლებს, სალხინო გმინავს,
ქვევრებს წასკლება დევის ცრემლი, იტირებს მიწაც,
კოლხეთის ასულს მოიტაცებს ამაღამ მთვარე,
ამაღამ მთვარემ სიყვარული შეჰფიცა ღამეს...
დადიანების ნასახლარზე სიცოცხლე იშვა 
და წყლის წიქვილებს ატრიალებს ტეხური ახლაც...

.

14.02.2016. ნინო ნაჭყებია
კომენტარები (0)