დედა


ბღუჯად შეკრული თეთრი ფურცლები დააფასოვა დარდმა,
ჯაფისგან დაღლილ  ნაწვალებ ხელებს თავი დაუკარა ქარმა,
მერე იები შეკრიბა ბღუჯად ქალს უწილადა მთვრალმა,
დედას თვალებზე წვიმად ემთხვია, მიუალერსა მანაც.

მარტი გაგიჟდა, როგორც ყოველთვის თმას იწეწავდა ახლაც,
მერე უეცრად გამოიდარა, მზეს დაუკოცნა კალთა,
არ დაივიწყა დედის თვალები, ცრემლი ღიმილში შთანთქა
და მერე ცაში ქარაშოტებმა ფიქრი გაყინეს სადღაც.

ტყემლის ყვავილმა თეთრად მოთოვა, თოვლს შეეჯიბრა ალბათ,
ნაჯაფარ ხელებს ემთხვია მთვარე, დედა ახსოვდა მასაც...
ტყემლის ყვავილში იის ფოთლები ქარმა შემიკრა სწრაფად,
ძღვნად გამატანა ჩემს ბავშვობაში, დედას უყვარდა ალბათ,
ტკივილით სავსე, დარდიან თვალებს წარსულის გმინვა ახლავს,
ნაჯაფარ ხელებს როცა ვიხსენებ, გული მტკივდება ახლაც.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი