თენდებოდა


ირიჟრაჟა.  მსუბუქი არმური ჩამოწოლილიყო მახლობელი მთების კალთებზე.. არცთუ მსუბუქად კბენდა სუსხი და ახლადმიტოვებულ თბილ ლოგინს სინანულით ახენებდა ბუჩქებთან ჩაკუნტულ ადამიანს, თუმცა უკან დაბრუნება წამითაც არ უფიქრია,  რადგან სითბო და სიმშვიდე მისი ცხოვრება არ იყო. მისი ცხოვრება მოლოდინი და ძებნა იყო და ახლა ეს დამთავრდა.  დრო მოვიდა...
     ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.  როცა წინ ვერაფერს ხედავ, გადაწყვეტა ადვილია. მხოლოდ გაურკვეველი აჩრდილები რიალებდნენ მომავალში, მაგრამ  მათზე ფიქრი არ  ღირდა. დღეს უნდა ეცხოვრა და გაეკეთებინა, რისთვისაც იწვალა ამდენი წელი. არაფერი აღარ იყო მის ცხოვრებაში. სასაცილოდაც ეჩვენებოდა ახლა ამაო ფუსფუსი და ზრუნვა ყოველდღიურობაზე.  მისი სხეული აქამდეც მხოლოდ იმდენს მოითხოვდა, რომ ეარსება ამ დღემდე, სული კი აღარ გააჩნდა. ყოველ შემთხვევაში თავს არ ახსენებდა და არც თვითონ ეძებდა,  რადგან მისი არსება ერთი ფიქრით იყო მოცული მხოლოდ.  წლები გადიოდა ამ ფიქრით, იძინებდა, იღვიძებდა, მუშაობდა კიდეც, რადგან  ესეც ჭრდებოდა, რომ მოეღწია აქამდე. ახლა კი ორიოდე საათი და მისი მოვალეობაც დამთავრდებოდა. მერე აღარაფერი...  ალბათ სიმშვიდე და სიცარიელე მხოლოდ...
     კაცმა ქურთუკი მოიხვია შემცივნულ მხრებზე და მოიბუზა. სადღაც ჭრიჭინობელა გაჰყვიროდა გულისგამაწვრილებლად.  წამით ამან მიიქცია მისი ყურადღება, მერე ისევ ფიქრში წავიდა. ცოტა დარჩა,  სულ ცოტა  წლებით ნაოცნებარ წამამდე. ამ წამის მოლოდინმა მოიყვანა აქამდე და აცოცხლა. სიძულვილიც კი აღარ დარჩა.  ყველაფერი გაფერმკრთალდა, რადგან მიზნად დაისახა ეს გაეკეთებინა. რამდენი ღამე გაუთევია ფიქრში,  როგორ მოხდებოდა ეს.  მერე აუცილებლად მისი თვალები უნდა დაენახა -  ისეთივე ტკივილით გაწამებული,  როგორიც  თვითონ ქონდა წლების წინ.  მისი სული უნდა ეგრძნო, სიკვდილს საშველად რომ იხმობდა, მაგრამ შვება არ იქნებოდა. ამას თუ გააკეთებდა,  შეძლებდა მშვიდად სიკვდილს.  დაიხსნიდა თავს მძიმე მარწუხებისგან, რომელიც არც სიცოცხლის უფლებას აძლევდა და არც სიკვდილის.
     ისევ აწრიალდა ჭრიჭნობელა.  შორიახლოს გუგულიც ახმიანდა და კაცმა მექანიკურად დაიწყო თვლა. მერე გაეცინა და თავი დაანება. ისევ გააჟრჟოლა ადრიანი დილის სუსხზე. ვერ გადაეწყვიტა მოეცადა ცოტაც თუ აღარ გადაედო,  რადგან ისევ არ ისმოდა ჩამიჩუმი იმ სახლიდან,  რომლის ძებნასაც წლები შეალია.  იცოდა,  რომ ამ სახლის პატრონი უთენია გავიდოდა,  მაგრამ სწორედ დღეს, როცა ასე ახლოს იყო მიზანი, იგვიანებდა. იქნებ დრო გაჩერდა და მხოლოდ მას ეჩვენებოდა რომ საუკუნე გავიდა?..
     თანდათან ძალას იკრებდა რიჟრაჟი. მთის მწვერვალები  ატმისფრად აენთო ზეცა კი თითქოს მის შუქს ირეკლავსო. მალე გათენდებოდა და დღევანდელი დღეც უქმად ჩაუვლიდა. წამოდგა. მეტის მოცდა აღარ ეგებოდა უკვე. ორიოდე წუთით გაჩერდა, რომ დახუთული წელი გაეშალა. სწორედ ამ დროს აჭრიალდა რკინის  მძიმე ჭიშკარი და ვიღაც გამოვიდა. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, მაგრამ კაცმა მყის იცნო ეს სილუეტი - ოდნავ მხრებში მოხრილი, ჩასხმული, სწორედ ისეთი,  როგორიც იყო წლების წინ. თუმცა ახლა ჭაღარა შერეოდა და შუბლი მძიმე წლებს დაეღარა, მაგრამ ამ სუსტ სინათლეზე არ  ჩანდა ეს და თითქოს ის ადამიანი დაბრუნდა წარსულიდან, ვინც მის ცხოვრებას დაუსვა წერტილი, ვინც მოკლა მისი სული...  სწორედ დრო იყო. ყველაფერი გაცოცხლდა  უცებ. სიძულვილმა და მრისხანებამ იფეთქა მასში ძველებურად, თუმცა წამით. მერე ისევ სიმშვიდემ მოიცვა, რადგან უკვე ყველაფერი მთავრდებოდა.  როგორც კი მოხრილი სილუეტი თვალს მიეფარა,  ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა სამალავი და რკინის ჭიშკარს მიუახლოვდა.  არ გაუღია ,რომ არ ეხმაურა. დაბალ ღობეზე ადვილად აძვრა და ეზოს დააკვირდა. იცოდა ძაღლი არ ყავდათ და ამის შიში არ ქონდა, მხოლოდ სახლში უნდა შეეღწია უხმაუროდ. კატის ნაბიჯებით გაიარა ეზო და კარს მიუახლოვდა. უცებ ფეხზე რბილი შეხება იგრძნო და შიშით განზე გახტა. წონასწორობადაკარგულმა რაღაცას წაატანა ხელი და თავზარდაცემულმა იგრძნო, როგორ გაკვეთა განთიადის სიჩუმე  დამტვრეული ქოთნის ხმამ.
      კაცი სახლის კუთხეს ამოეფარა და გაისუსა. მოესმა, რომ კარი გაიღო და ვიღც გამოვიდა. "ისევ ეს კატა",  წაიბუზღუნა ნამძინარევმა ხმამ და მაშინვე უკან შეტრიალდა. სიჩუმე ჩამოვარდა ისევ, მაგრამ ორიოდე წუთი კიდევ შეიცადა, რომ აბორგებული გულისცემა ცოტა ჩაწყნარებოდა. მერე ფრთხილად შეაბიჯა სახლში. არც ელოდა ასე იოლად თუ შევიდოდა და ცოტა გაბრაზდა.. მას არავინ ელოდა. ამდენი წლის სიძულვილი და მრისხანება უმისამართო იყო თითქოს. ამ სახლში ვერაფერს გრძნობდნენ, კარსაც კი არ კეტავდნენ და ჩვილი ბავშვივით უშფითველად ეძნათ.
    თვალები აეწვა უნებლიე ცრემლისგან. იგრძნო, რომ შუბლიდან ოფლის წვეთები მოაცოცავდა. არ ეგონა, ბოლო  წუთებში ასე თუ აფორიაქდებოდა.  მკერდის გამონგრევას ლამობდა გული და ვეაღარ აოკებდა.  შეეშინდა  კიდეც, მის ხმაურს არ გაეღვიძებინა ვინმე და სწრაფად გადადგა ნაბიჯი. არცერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. ოდნავ გადაწია ფარდა და დაინახა აისის მკრთალ სინათლეზე ბუნდოვნად გამოკვეთილი კონტურები ავეჯისა. მერე საწოლში ბავშვიც დაინახა -  ათიოდე წლის, გათენებისპირა ღრმა ძილში მყოფი მოზარდი, რომელსაც თავი ბალიშიდან გადმოეკიდა და ამის გამო ოდნავ ხვრინავდა. კაცი ფრთხილად მიუახლოვდა.  თვალწინ დაუდგა წლების მიღმა დარჩენილი ასეთივე სურათი, მაგრამ ცრემლმა გააქრო ეს მოჩვენება.  მერე ყელში გაიჩხირა ბურთად. გაბრაზებით დახედა უდარდელად მძნარეს, სისუსტის დრო არ იყო ახლა.  უნდა მიეყვანა ბოლომდე, რისთვისაც აქ მოვიდა. გვერდით საწოლიდან პატარა ბალიში აიღო და მძნარეს მიუახლოვდა. ახლოდან უკეთ დაინახა ჩამოუყალიბებელი სახე. ტუჩის კუთხეში ნერწყვი ჩამოცოცებოდა. ისევ არიალდა თვალებში მიძინებული სურათები და ისევ დაჩრდილა ცრემლმა უშფოთველი სახე.  რისხვამ იფეთქა კვლავ და ზიზღით დახედა ბავშვს. უნდოდა მასში ის ნაკვთები დაენახა, რომალმაც  მოიყვანა ამ დღემდე, მაგრამ ვერ შეძლო. არაფერი არ აგონებდა ახლა იმ საძულველ ადამიანს, რომლის  ტკივილისაგან შეშლილი თვალები უნდოდა დაენახა. გული დაწყდა.  ეს გაუადვილებდა გასაკეთებელს. ამ არსებასთან კი, მშვიდად რომ ფშვინავდა, არაფერი საერთო არ ქონდა ყველაფერ იმას, რის გამოც აქ იყო. კაცმა სისუსტე იგრძნო და  შეეშინდა ვაითუ ვერ შევძლოო.  შეეცადა ბოლო ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ   ტყვიაჩასხმულივით დამძიმებოდა ფეხები. სიმწრის ცრემლმა დაუღარა სახე. ამ დღის მოლოდინმა აცოცხლა აქამდე და თუ უკან გაბრუნდებოდა, აღარ იცოდა  რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. ამ ქვეყანაზე არაფერი ესაქმებოდა და იმ ქვეყნისა არ ჯეროდა. უნდა მიეყვანა ბოლომდე გადაწყვეტილება, მაგრამ არ ყოფნიდა ძალა ამისთვის. მას ხშრად წარმოედგინა თვალები ადამიანისა, ვინც მისი ცხოვრება გაყო ორად. ეს თვალები გატანჯული უნდა ყოფილიყო და უიმედობისაგან გაფერმკრთალებული, ისევე, როგორც მისი იყო, მაგრამ არასოდეს უფიქრია, როგორ უნდა შეეწყვიტა ეს მშვიდი ფშვინვა. "ალბათ რაღაც სიზმარსაც ნახულობს," გაიფიქრა უცებ და ამ ფიქრმა მთლად მოადუნა. მიხვდა ამას ვერ გააკეთებდა. ყოველი გარდასული წუთი, წამი გაცოცხლდა მასში. შვილის მხიარული ხმა აჟღერდა ყურებში, მერე მისი გაყინული სახე და ცივი, აუცტანლად ცივი ხელები დაინახა, მაგრამ ამ წარმოდგენამ ძველებურად ვეღარ აანთო. ძალა გამოცლოდა და იცოდა  ამას ვერასოდეს გააკეთებდა. მიტრიალდა, ბალიში ისევ თავის ადგილად დადო, გაასწორა კიდეც დაუფიქრებლად და ოთახიდან გავიდა. ახლა აღარ ფრთხილობდა. მნიშვნელობა აღარ ქონდა, რა მოხდებოდა. რკინის ჭიშკარი მძიმედ აჭრიალდა ანჯამებზე, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ნელა გაუყვა გზას. მზე კარგად აცდენოდა მთებს და ხალისიან სხივებს აფრქვევდა დედამიწას ჩიტებიც ისეთი ბედნიერი ჟრიამულით ეგებებოდნენ, თითქოს ყოველდღე არ ხდებოდა ეს სასწაული...  თენდებოდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი