დროის ქიმერა


დილაადრიან დამირეკა ელიზბარმა, ერთი ჩემი ძმაკაცი უნდა გაგაცნო, სასწრაფოდ მოდიო. გამიკვირდა მისგან ესოდენ უჩვეულო სულსწრაფობა, მაგრამ ტელეფონზე არაფერი მიკითხავს, მაშინვე კიბერნეტიკოსთა საცდელი სადგურისაკენ გავქანდი . . . კარგა ხანია, იქ ათენ - აღამებდა. 
     ღია ვერანდაზე პატარა მაგიდას უსხდნენ, წინ ყავა და საუზმე ედგათ. მივესალმე, ხელი გავუწოდე ელიზბარის ძმაკაცს. მან ენერგიულად ჩამომართვა ხელი, რომელიც ცივი მეჩვენა. ელიზბარიო - თქვა ღირსეულად.
     - სეხნიები ხართ?
     - ასე გამოდის, - ორთავემ ერთად გაიღიმა.
     - კარგია . . .
     ელიზბარმა ჩემთვისაც მოატანინა ყავა. ნელ - ნელა ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. ჩემი ახალი ნაცნობი ფრიად საინტერესო და ენაწყლიანი გამოდგა, საქმეში ჩახედულიც. ლაბორატორია უკვე მოძველდა,  მისი გადაკეთების დროაო . . . და იქვე რამდენიმე საინტერესო აზრიც გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მერე ხელოვნებაზე განაგრძო საუბარი, აქაც ისახელა თავი, ბოლოს ანეკდოტებით გაგავამხიარულა . . .
     მოთმინებით ველოდი, ელიზბარი აგერ - აგერ მეტყვის, რისთვის დაჭირდა ჩემი აქ მოყვანა. ის ხომ დროს ტყუილუბრალოდ არასოდეს კარგავდა. ყოველი წუთი დროის მკაცრ ჩარჩოებში ჰქონდა მოქცეული. ბუჩქებში რომ მოგოგმანე ჭრელფრთიანი ჩიტი შეენიშნა, დარწმუნებული უნდა ყოფილიყავით, იგი მისი მოძარობის მექანიზმს აკვირდებოდა და ჭრელი, ლამაზი ბუმბული მისთვის მხოლოდ ხელის შემშლელი ატრიბუტი იყო. ეს გაჭიანურებული საუზმეც, რომელსაც უსიამოვნოს ვერ დაარქმევდით და არც დროსტარებას ჰგავდა, აუცილებლად რაღაც მიზანს ემსახურებოდა. 
     ელიზბარი საეჭვოდ დუმდა, თანაც შევატყვე სულ ერთიანად დაძაბული იყო და გაფაციცებით გვზვერავდა. ამან დამაეჭვა, ჭიქა დავდგი და მეც გულდასმით დავაკვირდი ორივეს. ელიზბარი (ჩემი ძველი მეგობარი) ისევ ჩვეულებრივი ელიზბარი იყო, საკუთარი თავის ორეული არ დაუხვედრებია ჩემთვის . . . ასეთი გახუმრება ძალიან უყვართ კიბერნეტიკოსებს. ერთი ჩემი ნაცნობი, ფრიად პატივსაცემი კაცი, პროფესიით პოეტი, კინაღამ ჭკუაზე შეიშალა მსგავსი ხუმრობის შედეგად. მეგობარს ესტუმრა ქალაქგარეთ, აგარაკზე. საღამოხანი იყო. დიდხანს იმუსაიფეს ბაღში განმარტოებით. მეგობარმა მისტიკურ თემებზე გაუბა ლაპარაკი; ავი სულებიო, ვამპირებიო . . . ამასობაში ნელ - ნელა დაბინდდა კიდეც, მაგრამ შუქის ანთებას არავინ ჩქარობდა, მხოლოდ მთვარის მკრთალი სინათლე იჭრებოდა მდუმარე ხეებს შუა. სევდიანი მუსიკის ხმა იღვრებოდა საიდანღაც. „ და უცებ გადაიწია ფარდა და . . .„ - იდუმალი ხმით წარმოთქვა მასპინძელმა. იმავე წამს მართლა გადაიწია ფარდა, გამოჩნდა მისი ორეულის გაფითრებული სახე. პოეტი ხმისამოუღებლად გადავარდა სკამიდან. ამბობენ, ამის მერე ჭკუამიღმიერ ლექსებს წერსო. მაგრამ ახლა სხვა იყო. მზე კაშკაშებდა ცაზე, ირგვლივ ყველაფერს მკაფიო, ნათელი შუქი ეფინა. ელიზბარიც ისევ ჩემს ძველ მეგობარს ჰგავდა. კიდეც რომ გამოჩენილიყო მისი ორეული, არავითარ ეფექტს არ მოახდენდა ჩემზე. 
     მიზეზი სხვაგან იყო საძებარი. ისევ მის მეგობარს დავაკვირდი. თავი ძალზე ბუნებრივად და ღირსეულად ეჭირა. საჭმელს ფაქიზად მიირთმევდა, წამწამებსაც ახამხამებდა, თანაც მონოტონურად კი არა, არათანაბარი ინტერვალებით, როგორც ცოცხალი, ნამდვილი ადამიანი. ხელი აუქნია საიდანღაც მოფრენილ ბუზს, ამ დროს ჩანგალი გადაუვარდა და ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში.
     ვერაფერი ვერ შევამჩნიე, სრულიად ვერაფერი. ელიზბარი კი . . . ო, რა გამარჯვებული სახით იჯდა. თვალები სულ უფრო და უფრო უნათდებოდა. ჩვენი საერთო ძმაკაცი ისე ზედმიწევნით ჰგავდა ადამიანს, ვისაც გნებავთ, იმას შეიყვანდა შეცდომაში, ჩემს გარდა . . .
     დიახ, ჩემს გარდა . . . მე ერთ გარემოებას დავუკვირდი; ახალი ელიზბარი ჩემი ძველი ელიზბარის უკიდურესად საწინაღმდეგო ტიპი გახლდათ. ძველი ელიზბარი ერთი მოცუცქნული ვინმეა, ხუთსანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შველის, არც სხვა რამე სიკეთე სცხია. კომშივით დაღარული პირისკანი და გამოხუნებული თხელი თმები აქვს. თვალებიც თევზივით უფერული. აქ კი ფართო გასაქანი მისცა საკუთარ ფანტაზიას და ჭარბად აინაზღაურა დანაკლისი; ახალი ელიზბარი ტანმაღალი, უნაკლო პროპორციების მქონე ყმაწვილია. სახითაც ფრიად საამური იერის მქონე, მეტყველი თვალებით, გადატკეცილი პირისკანით. ხშირი გრუზა თმები მხრებამდე წვდებოდა. ეს ყველაფერი საოცნებოდ ჰქონდა „ქინქლას“, როგორც ჩუმჩუმად ეძახდნენ ენამწარე მეგობრები. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ჩემი ძველი ლიზბარის ოცნების განსახიერებას ვხედავდი ამ უნაკლო ყმაწვილის სახით. შეიძლება ითქვას, ქინქლამაც ორეული დამახვედრა, ოღონდ ისეთი ორეული,იდეალს რომ წარმოადგენდა მისთვის.
     რაც უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდებოდი, მით უფრო ცხადი ხდებოდა ჩემთვის, რომ არ შევმცდარვარ. აღტაცებული სახით შევხედე ქინქლას, კიბორჩხალასავით რომ აწითლებულიყო იმის შიშით, აბა, რას მეტყვისო და აღფრთოვანებით ვუთხარი: 
     - ყოჩაღ! დრო ტყუილად არ დაგიკარგავს!
     ისე ამოიხვნეშა ქინქლამ ამის გაგონებაზე, რომ მაგიდიდან ხელსახოცი გადაფრიალდა. შენი ყველაზე მეტად მეშინოდაო - მითხრა. 
     - შენისთანა კონსტრუქტორისთვის არ არის საშიში, ეშმაკსაც კი მოატყუებ. ასეთი სრულყოფილი მოდელი ჯერ არ მინახავს.
     დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვები გულწრფელად ჟღერდა. მართლა გაოცებული ვიყავი. იშვიათი ეგზემპლარი დამახვედრა ქინქლამ, არც მოველოდი მისგან ამდენს. 
     ეტყობა, ესიამოვნა ჩემი ნათქვამი. ქინქლამ თავს ნება მისცა გრძნობები გამოემჟღავნებინა. ათრთოლებული ხმით მოულოდნელად ასეთი რამ მითხრა: 
     - შეგიძლია ჩათვალო, რომ მე არ ვარსებობ. 
     ამას რომ ამბობდა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე.  გასაგები იყო, რასაც გულისხმობდა; მან ახალ ელიზბარში განახორციელა თავისი სანუკვარი ოცნება. და ახლა მისით ისე იყო აღფრთოვანებული, ლამის მართლა ეთქვა უარი საკუთარ არსებობაზე. 
     - რას ჰქვია, არ არსებობ. შენნაირი კონსტრუქტორი და არარსებობა როგორღაც არ უხდება ერთმანეთს. შენც არსებობ და შენი შვილობილიც. 
     მერე წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვინ გიშვებს - ვინანე კიდეც ამდენი რომ ვაქე და ვადიდე ეს ახლადგამომცხვარი ყმაწვილი . . . ქინქლამ პოლიგონზე ამომაყოფინა თავი. პოლიგონზე სიარული დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. ესაა სავარჯიშო ბილიკები ახალშობილი რობოტებისთვის. აღმართები, დაღმართები, ქვიშიანი თუ ჭაობიანი გზები, უცნაური მარყუჟები . . . ჯერ აქ სწავლობენ სიარულს, სანამ ფართო ასპარეზზე გავიდოდნენ. შენც მათთან ერთად უნდა ირბინო, იხტუნო, იფოფხო აღმართ - დაღმართ. სრულებითაც არ მეხალისებოდა და არც მეცალა, მაგრამ ქინქლასთან რას გააწყობ. რაც ფიზიკურად დააკლო ბუნებამ, მის უტეხ ნებაში აანაზღაურა ერთი ასად. იძულებული გავხდი, ბოლომდე მეყურებინა, თუ რა ბრწყინვალედ სძლევდა ახალი ელიზბარი ყოველ დაბრკოლებას და ყოველ ნაბიჯზე აღფრთოვანება გამომეთქვა. 
     - შეხედე, როგორ გადაახტა წყლით სავსე თხრილს, - ქოშინით მეუბნება ქინქლა, - განა ვინმეს შეეპარება ეჭვი, რომ ადამიანია? 
     - წყალი არ გაუვა.
     - ერთი ნახე, მთაზე როგორ ადის . . . ხელი მომაშველე, თუ ძმა ხარ.
    - ეს შენ ადიხარ მთაზე, თორემ ის უკვე ჩადის.
     მთის ძირას ცოტათი შევისვენეთ. მერე ისევ დავაპირე თავის დაძვრენა, მაგრამ ქინქლამ გაგონებაც არ ისურვა. იძულებული გავხდი გზის დანარჩენი უბანიც მათთან ერთად გამევლო. თან ახალ ელიზბარს ველაპარაკებოდი შედარებით იოლ ბილიკებზე სიარულისას. მაინტერესებდა, რამეთი თუ გაამჟღავნებდა თავს. მისი დიდი ერუდიცია სულაც არ იყო გასაოცარი. ერუდიტი რობოტი რამდენიც გინდა, იმდენია. მე გამაოცა მისმა წმინდა ადამიანურმა ანალიტიკურმა გონებამ: არავითარი სწორხაზოვნება, არავითარი მანქანური შტამპი, თუნდაც სულ უმნიშვნელო. აბსტრაქტული აზროვნების იშვიათი უნარი გააჩნდა ამ ყმაწვილს. ნებისმიერ საკითხს ცოცხალი, ადამიანური პოზიციიდან განიხილავდა. 
     ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ მინდოდა , მთელი დღე იქ დამეღამებინა. ახალ ელიზბარს ვკითხე, რომელი საათია - მეთქი. 
     მაჯაზე დაიხედა და ორი საათიაო - მითხრა. 
     - უჰ, როგორ დამგვიანებია! მეტს კი ნამდვილად ვეღარ გავჩერდები.
     ქინქლას აღარაფერი უთქვამს. ნახევარი დღე იქ მაყურყუტა და ეს მანაც საკმარისად ჩათვალა. 
     უკვე მოვტრიალდი წასასვლელად, ნაბიჯიც კი გადავდგი . . . მაგრამ რაღაც ეშმაკად ერთი წამით შევჩერდი და ახალ ელიზბარს ვკითხე:
     - შარშან ამ დროს ორ საათზე, თუ იცი, სად იყავი? 
     - აქ ვიყავი - მიპასუხა ფიცხლად.
     - რანაირად. შენ ხომ . . . მოიცა, რამდენი ხანია, რაც შენ ამის თავში ინიციატივა დააპროგრამე? - მივუბრუნდი ქინქლას.
     - ორი კვირა იქნება, - შემკრთალი ხმით მიპასუხა.
     - ჰო . . . შენ ხომ ორი კვირაა, რაც ამ ქვეყნად გაჩნდი, აი, ამ სახით - ვუთხარი ისევ ახალ ელიზბარს, - იმას აღარ ვთვლი, რომ ბევრად უფრო ადრე ცალ - ცალკე დაამზადეს შენი სხეულის დეტალები. ასე რომ, შარშან ამ დროს შენ არსად არ ყოფილხარ.
     ვცდილობდი, რაც შეიძლება უბრალოდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ჟღერდა ჩემი ხმა ფარული სიხარულისაგან.  ამის შენიღბვა მე  აღარ შემეძლო. აჰა, აღმოვაჩინე თუ არა ამ სრულქმნილების აქილევსის ქუსლი . . .
     თან სული მიმდიოდა ცნობისმოყვარეობისაგან: ნეტავ რას მიპასუხებს ეს ჭკუისკოლოფი?
     პასუხსაც არ დაუგვიანებია:
     - მე ყოველთვის ვიყავი.
     ქინქლას ცერად გავხედე, გაოცებულს ჰგავდა. ამ გამოხედვამ ალბათ გამოაფხიზლა და მთელი არსებით ჩაერთო ამ სცენაში.
     - მომისმინე, ყმაწვილო, - მიმართა ახალ ელიზბარს. - ამის შესახებ მე ჯერ შენთვის არაფერი მითქვამს, ეს სრულიად უბრალო საკითხია, ანუ პაწაწკინტელა ლუკმაა შენი გონებისთვის. შენ ამქვეყნად გაჩნდი სრული ორი კვირის წინ. მზა სახეს ვგულისხმობ, თორემ შენი დეტალების ცალ - ცალკე დამზადებას ნახევარი წელი დასჭირდა. შარშან ამ დროს შენ იდეის სახითაც არ არსებობდი. დაიმახსოვრე ეს!
     - მე ყოველთვის ვარსებობდი - გაისმა ახალი ელიზბარის ძლიერად მჟღერი ხმა.
     როგორც უკვე ითქვა, ქინქლამ ელიზბარის სახით გადაჭარბებით აინაზღაურა ყველა თავისი ნაკლი. ეს პირველ რიგში ხმას ეხება. თვითონ ქინქლას უნიათო, გაწვრილებული ხმა აქვს. სამაგიეროდ, ახალი ელიზბარი, შეიძლება ითქვას „ჭექს და ქუხს“. იშვიათი სილამაზის მჟღერი ბარიტონით ლაპარაკობს ეს ყმაწვილი. თან ერთი გარემოებაც არ გამოგრჩეთ: როგორც მოსაუბრე აუწევს ხოლმე ხმას, ახალი ელიზბარიც ზუსტად ისე აუწევს ხოლმე.
     უკვე აღარ ვჩქარობდი წასვლას, ისევ სამნი გავუყევით პოლიგონის ბილიკებს. ხევი ჩავათავეთ და გვირაბს მივადექით. ქინქლა სულ ერთიანად აფორიაქებული ჩანდა. თვითონაც არ შეუმჩნევია, ისე დაწინაურდა და გაცხარებული მიცუხცუხებდა ჩვენს წინ. 
     მოულოდნელად შედგა და ახალ ელიზბარს მიუბრუნდა:
     - მომისმინე, ჭკუის კოლოფო, დრო მიდის, გესმის? დრო სულაც არ დგას ერთ ადგილას . . . დრო იცვლება. შარშან ამ დროს სხვა დრო იყო, იმის წინათ კიდე სხვა. შენ დროზე წარმოდგენაც კი არ გქონია.
     - როგორ არა, მე ვიცი, რომ ახლა არის ორიათას . . .
     - ეგ რა შუაშია - მოუთმენლად შეაწყვეტინა ქინქლამ. - დროის ცვლილება იცი რას ნიშნავს? იმას, რომ იყო დრო, როცა ჩვენ არცერთი არ ვარსებობდით, დადგება დრო, როცა აღარ ვიქნებით. თვით დედამიწაც კი არ არსებობდა ერთ დროს. ისევ დადგება დრო, როცა აღარ იარსებებს.
     ამაზე ახალმა ელიზბარმა უპასუხა, მაგრამ როგორი ხმით! თავისდაუნებურად ხმას აუწია გაცხარებულმა ქინქლამ. ახალი ელიზბარიც აჰყვა, აკი ასეთი ჩვეულება ჰქონდა . . . თანაც ამ დროს გვირაბში გავდიოდით.
     - მე ყოველთვის ვარსებობდი, ახლაც ვარსებობ და ყოველთვის ვიარსებებ!
     ნამდვილი ჭექა - ქუხილივით გაისმა ეს სიტყვები, ექომ მთელი გვირაბი მოიცვა, ვარსებობდი . . . ვარსებობ . . . ვიარსებებ . . . მიჰყვნენ ერთმანეთს მგრგვინავი ბგერები. მე და ქინქლამ ერთმანეთს გადავხედეთ, . მეც იმასავით ვიქნებოდი ალბათ ფერდაკარგული. 
     უხმოდ გავიარეთ გვირაბი. კარგა ხანს არც მერე ამოგვიღია ხმა. ფიქრებში გართულები მივაბიჯებდით. დრო, ეს უცნაური ქიმერაა, ყველაზე მოუხელთებელი ქიმერათა შორის. ვის შეუძლია მისი საწყისი და საბოლოო წერტილების მონიშვნა, რობოტისგან რომ მოითხოვო. განა ჩვენ, ადამიანებს კი შეგვიძლია? . . . რა იყო ჩვენამდე, ჩვენს შემდეგ რა იქნება . . . ასე გვგონია, თითქოს მართლა ყოველთვის ვარსებობდით და ყოველთვის ვიარსებებთ . . . თუმცა, მშვენივრად ვიცით, რომ ეს ასე არაა, მაგრამ ჩვენი გონება ამას რატომღაც არ აღიარებს . . . ამასთან ერთად, მეორე მხრივ, ჩვენ ხომ მართლა ვარსებობდით ჩვენი წინაპრების გენებში. მაშინაც კი ვარსებობდით, როდესაც სიცოცხლე ჩაისახა დედამიწაზე. იმ პირველ უჯრედში ჩვენი არსებობაც იყო მოქცეული. მაგრამ იგი ჩვენთვის არაარსებობის ტოლფასია, რადგან გაცნობიერებული არ გვაქვს. ჩვენ არაფერი არ გვახსოვს იმ არსებობიდან . . .
     ამაოა ამაზე ტვინის ჭყლეტა. გონება უკან იხევს. ისე სხლტება, როგორც ლოკოკინა დასხლტება ხოლმე მოლიპულ საგანზე. მით უმეტეს, რა უნდა მოჰკითხო ამ რკინის ჟღარუნას, რა იშვიათი აზროვნებითაც არ უნდა იყოს დაპროგრამებული. 
     ახალ ელიზბარს გავხედე, ფაქიზად მოაბიჯებდა შლამიან ბილიკზე. ჭაობებში ამოვყავით თავი. რა ღირსეულად გამოიყურება ეს სრულქმნილი ყმაწვილი. ვითომ ბევრი დააკლდა იმით, თუ დრო ვერ ჩაეტია მის რკინის თავში? 
     მაგრამ ამაზე ფიქრი აღარ დამცალდა. ქინქლამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. მისი სახის გამომეტყველება არ მომეწონა, მგონი რაღაც საეჭვოდ ჩაუღრმავდა დროის პრობლემას. 
     - ელიზბარ - წამოვიწყე ფრთხილად. მინდოდა ლაპარაკით გამერთო და მერე ნელ-ნელა შემეპარებინა, რომ არ ღირს ასეთ უიმედო საქმეზე თავის მტვრევა . . . რომ მისი ქმნილება უამისოდაც სრულყოფილების მწვერვალად ჩაითვლება . . .
     - მაცალე! - ისე მკვეთრად შემაწყვეტინა, მივხვდი, ვერაფერს გავაწყობდი და გავჩუმდი.
     - მომისმინე, - მიმართა ქინქლამ ახალ ელიზბარს, თან ფეხებს უთავბოლოდ ატყაპუნებდა ჭანჭრობიან ნიადაგზე. - შენ ამბობ, რომ ყოველთვის არსებობდი და იარსებებ, ხომ? 
     - დიახ. მე ყოველთვის ვარსებობდი და ვიარსებებ. - იყო მშვიდი პასუხი.
     - დავუშვათ, ქუჩაში მიდიხარ, ლოდი დაგეცა და თავი გაგიტეხა. მაშინაც იარსებებ? 
     - რა თქმა უნდა, მაშინაც ვიარსებებ.
     - რანაირად, ლოდი ხომ მწყობრიდან გამოიყვანს შენს მგრძნობიარე ელემენტებს.
     - მაშინ ლოდი გაქრება, აღარ იარსებებს.
     ამ პასუხმა ქინქლა დააბნია. 
     - ლოდი გაქრება? - წაიბუტბუტა დაფიქრებულმა - როცა მწყობრიდან გამოსული მგრძნობაირე ელემენტებით ლოდს ვერ აღიქვამ, ჩათვლი, რომ გაქრება.
     რამდენიმე წამით იყუჩა და წამოიძახა:
     - ვთქვათ ცეცხლში მოხვდი და სულერთიანად დადნი, ლითონის გუნდად იქეცი. მაშინ რა მოხდება?
    - ცეცხლი გაქრება . . .
    - მომისმინე - წინ გადაუდგა ქინქლა, უკან - უკან მიაბიჯებდა, თვალებში გამგმირავად ჩასცქეროდა თავის ჯიუტ მოწაფეს. - კარგი, გაქრება ლოდიც, ცეცხლიც, დედამიწაც . . . მაგრამ, ვთქვათ მე დაგშალე ნაწილ - ნაწილ, თავი ცალკე, ტანი ცალკე. შენთვის ხომ ცნობილია, მე აგაწყვე და თუ მოვინდომე, შემიძლია უკანასკნელ ჭანჭიკამდე დაგშალო. მაშინ რაღა მოხდება? მაშინაც იარსებებ?
     და ისევ გაისმა ჯიუტი პასუხი:
     - მე ისევ ვიარსებებ, მხოლოდ შენ გაქრები, აღარ იარსებებ.
     ამ დროისთვის მე საკმაოდ დაწინაურებული ვიყავი, აღარ შემეძლო ქინქლას სახის დანახვა, თუმცა მთელი ყურადღება იქითკენ მქონდა. ასეთი პასუხის გაგონებისას თავი ვერ შევიკავე . . . აკი, ზუსტად მისივე  სიტყვები გაუმეორა ძვირფასმა ქმნილებამ. მივიხედე, რათა ქინქლას გამომეტყველება დამენახა . . . და რა გგონიათ? ქინქლა მართლა გამქრალიყო, აღარსად ჩანდა.
     ორიოდე წამით განცვიფრებული მივაჩერდი ამ სანახაობას. ვერაფერი გამეგო, სანამ წყლის ჭყაპუნმა არ მიმახვედრა სად იმყოფებოდა ჩემი ძვირფასი მეგობარი. ძლივს ამოვათრიე გუბურიდან გაწუწული და ლაფში ამოვლებული. უკან -უკან სიარულისას დასხლტომოდა ფეხი. კიდევ კარგი, აღარაფრის თავი არ ჰქონდა, თორემ ვინ იცის, რა დღეს დააყრიდა ახალ ელიზბარს, მონუმენტივით რომ აღმართულიყო ჩვენს შორის. მშვიდი, ამაყი, თავდაჯერებული. . .
     ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, ქინქლა აღარ მინახავს, როგორც გავიგე, მართლაც ნაწილ - ნაწილ დაეშალა თავისი სანიმუშო ელიზბარი და ახალს ამზადებდა . . .ისეთს, რომელსაც ექნება დროის შეგრძნება . . .
     ალბათ გამაგებინებს, როცა ყველაფერი მზად იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს რანაირად შეიძლება მოთავსდეს დროის ქიმერა მექანიკურ ტვინში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი