ტყე


მწვანეა ტყე. ფართო, უსიგრძეგანო. სიცოცხლითა და ჟანგბადით სავსე. კრისტალური ბუნება მისი უთვალავი ხანია ჩაკეტილი სისტემა გახდა. მისი ყოველი რგოლი კი ღიაა. ეს სიცოცხლის წესია. რაც არსებულია განცალკევებული შეუძლებელია იყოს. 
საწყისი წერტილი, ქვეშაგი, მაცოცხლებელი,  მრავლად დახეთქილი მიწაა.  ყოველი მისგან იწყება.
ქვედა ეშალონია მწვანე ხალიჩებად არის გადაპენტილი. მას წვრილი ბუჩქნარი მოსდევს. მთავარ სტრუქტურულ ერთეულებს ზედა ფენები უჭირავთ. 
მოთხოვნილება ყოველთვის დაუკმაყოფილებელია.
სასურველთან მიახლოებული, მაგრამ არასრული.
ზომასა და საჭიროებას შორის პირდაპირი დამოკიდებულებაა.
ყოველი ფენა ცოცხალია.
ტყის წესი სტატიკაა, მუდმივი მოძრაობისა. 
რთულია იყო ხე ტყეში.
მით უფრო დიდი ხე.
მაგრამ ისინიც ყოვლისმქმენი  მიწიერიდან იშობიან ხოლმე.
საზღვრები არსებულია და ძალიან გასადავებული.
ცვლილება დიდი ხის წაქცევაას ჰგავს. რაც დიდია ხე მით მეტია ეფექტი. ყველასა და ყველაფრისთვის.
როცა დიდი ხე წაიქცევა , ბევრს მოიყოლებს ტანქვეშ. დიდებსაც და ძლიერებსაც. თანასწორთ კვალს დაატყობს. არაფერს მოერიდება. არაფერია მასზე დამოკიდებული.
მხოლოდ თავისზე სუსტებს წააქცევს
გატრესს ტოტებასხმული ჩონჩხითვე. ყველა ფენა გაერთიანდება. მოთხოვნილებები გაქრება.
ყველაფერს არსებულს აქვს ფორმა.
მისი გაქრობა ფორმის გაქრობაა, რასაც მოყვება სივრცე. თავისუფლება სხვებისთვის. დაკომპენსირებულ მშიერ პირობებში იჭრება შესაძლებლობა. იქნება პირობა სხვათათვის.
ახლა სხვები ოწყებენ გაზრდას, სხვები დაიცვენენ ჩრდილში, ნესტში დგომისგან აკიდებულ ხავსს.მიიღებენ იმას რასაც ელოდნენ. რასაც უცდიდნენ და ნატრულობდნენ. სინათლეს მიიღებენ სხვისი ტოტებისგან თავისუფალი, მოწმენდილი ზეციდან.
მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობა შემცირდება . შედეგი სწრაფია და თვალსაჩინო.


ყველაფერს მოჰყვება გაზრდა. სხვებს მოიქცევენ ძირს, დაიქვეშაგებენ. ამ დროს ასპარეზის გამხსნელ  წაქცეულ გიგანტს ბოლომდე იყენებენ. იკვებებიან და საზრდოობენ. იზრდებიან და კიდევ უფრო მეტად ალპობენ. საწყისს წერტილს დაახლოებული ლეში უსიცოცხლოა. ცარიელდება. ჩონჩხი მისი ფუტუროვდება. ბოლოს დანაცარდება 
მზის სხივებ მოწყურებული შურისმაძიებლების მიერ.
ისინი გაიფურჩქნებიან სიცოცხლისაგან. სიცარიელე მოითხოვს სავსეობას. რაც სტატიკის დაურღვეველი წესია.
 გაფარჩხულ ტოტებს  გადააფარებენ  ტყეს ერთიანობის დაკარგულ ფორმას. სხვა ხეებს თავიანთ სიდიადეს აჩვენებენ.
ყოველ მათგანს არ ელის სიმაღლე, მათ გულისგულ გენეტიკაში სხვა სწერია. ტანმორჩილება, მოთხოვნილება და დამოკიდებულება.
ვინმე თუ  გაბედავს და სიცოცხლის სურვილზე პრეტენზია ექნება გათელავენ. მწვანე ფოთლების  ჩრდილშივე  ჩაახრჩობენ და ამასაც შეისისხლხორცებენ. უფრო გაიზრდებიან და უფრო მეტ ძალას აჩვენებენ სხვებს. ემატება ასაკი ტყეს  და იზრდებიან ისინიც. ვინც მაღლაა მეტი სინათლე აქვს.  მეტ სინათლეს მეტი ძალა მოსდევს. მაგრამ ზოგი მაინც ხეა და რაც ჩაწერილა მათი ცხოვრების წიგნში იმას ვერ ივიწყებს. იზრდება დაუსრულებლად.  ზრდასთან ერთად  იფიტება მარადიული სიხარბით სიძლიერისკენ. ავიწყდება,  სიმაღლეზე  მეტად წვავს მზე. უფრო ძლიერია ქარი. მწვერვალს მიღწეულები ეზიარებიან რა ჭეშმარიტებას. გვიანია ცვლილებები. სიმაღლეს დაცემა მოსდევს. ეშვებიან დაბლა, ერთიანად , ფესვიანად. სიცოცხლის მარყუჟებ დაწყვეტილები. იძირებიან სხვათა საძვალეზე.  იქ საიდანაც თვითონ აიყარეს ტანი. იქ სადაც თვითონ გასინჯეს მზის სხივები და გიგანტის ხორცი. იქ სადაც დაიბადა.   აღიქვა თავი და სიცოცხლე , რომლის ხანგრძლივობა არასოდესაა განსაზღვრული.
მოიყოლებენ. ისევ მოიყოლებენ სხვებსაც. პატარებს ნაკლებ მნიშვნელოვნებს. მეოცნებეებს, ღია ცის. იშვიათად მზის სხივებით დამტკბარ ხეებს. მაგრამ მაინც ცოცხლებს, სხვათა ჩრდილქვეშ შეყუჟულ- გაზრდილებს. აუგ ნაფიქრალ მაგრამ შიშისგან უთქმელებს. მოიყოლებს. ბევრს მოიყოლებს ზროქვეშ.
ეს დახურული წრის კანონია. შედეგი არასდროს ცვლის ერთეულთა ბედს.
საკუთარ ფოთლებზე დაეცემა. ზუსტად იქ სადაც მიწას ასცდა.  ასე მძიმედ იღებს მიწის სიმძიმეს და გრძნობს რას ნიშნავს იყო მსხვერპლი. დამნაშავე საკუთარი შესაძლებლობის დაუფასებლობაში. 
სინანულს აზრი არასოდეს აქვს. ჩაკეტილი წრე შეუცვლელია.
აქ სისხლი ყივის. პატარა მეოცნებენმა უკვე გამოაჩინეს კბილები და დაიწყეს მისით საზრდოობა. მზით ნაზარდი ფოთლები გადაყვითლდება, საბოლოო დანიშნულებით შავისკენ.
  იღუპებიან. დიდი ხეებიც იღუპებიან. სხვა გზით, სხვა ფიქრით, სხვა ცვლილებებით. 
  სიცოცხლის კანონი არ შეიძლება დაუმორჩილებელი იყოს. 
ის საწყისია ყველაფრის.  რაც იწყება კი ყველაფერი  მთავრდება. 
არსებულობასა და გარდაუვალობას შორის სასაზღვრო ხაზი დროა. მისი კონტურები სადაა და ყოველთვის პირობითი.
ტყე მწვანეა, ათასობით წელია ინარჩუნებს ფერსა და სიცოცხლეს. 
ჩაკეტილი წრის ყოველი რგოლი ღია დარჩება, სხვა ბედის, სხვა მომავლისთვის.

1.02.2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი