ქუჩაში არ წყდებოდა საუბარი ..


ქუჩაში არ წყდებოდა საუბარი_
გიჟია, ხელოვნებამ გადარია,
ისე კი არც რწმენა აქვს საკუთარი
და რაც სჩანს სულ იმაზე დაბალია,
თითებზე ბეჭდებად აქვს აკინძული
ცოდვები, ნატანჯ სხეულს ეფარება,
არც გვარი, არც სახელი აზნაურის,
მგოსნებთან არც ღირს მისი შედარება...
ვის უნდა წალეკილი ლექსიკონი?
თავისი წილი ჯვარი დააქვს ყველას,
ვის უღირს უსასრულო მარათონი,
სიტყვები, უსახელო დარაჯებად?
გაბმული ძაფები და ისტორია,
ვის უნდა ბეწვის ხიდი ბილიკებად?
ფურცელზე დახაზული ისტერია
ზეცაზე წვიმის შემდგომ ირისებად?
და ისევ დაწყევლილი პოემები,
ფრაზები, უიმედო ნამუშევრად,
კედლებზე ნახატები... პორტრეტები
ლექსებში_ ხელოვნების ნიმუშებად...
ქუჩებში არ წყდებოდა საუბრები_
ცოდვები ნატანჯ სხეულს ეფარება,
გიჟია... და სიგიჟის სართულები
სულ ბოლო საფეხურზეც ეყვარება.

Selassie
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი