ცხოვრება 2


ნერვების მოშლამ ისე დამათრო,
შემოვაგლიჯე ქურთუკს ღილები,
ყველა გაიქცა ვინც კი გაასწრო,
აქ დარჩნენ მხოლოდ გადაღლილები.

ორივე ხელით დასაჭერია,
გაზაფხულები და აპრილები,
სიცოცხლის ფასი არაფერია 
მაგრამ კვდომა ჯობს რომ ვაკვირდები.

ყველა სიკვდილი მაშინ იწყება
სადაც დედაა ანატირები,
გავტეხე ყველა ფიცი ქრისტესთან,
ასევე ყველა დანაპირები.

და დროსთან ერთად იგივედ იქცა,
ნატყვიარიც და ანაცილებიც,
დაგვრჩა გამხმარი წინაპრის მიწა,
მტერმა წაგვართვა სხვა ნაწილებიც.

ახალგაზრდობაც ისევ უსაქმოდ,
ისევ ცოცხალი გარდაცვლილები,
გვრჩება მამული როგორც უდაბნო,
ვაზის ძირებიც გადაჭრილები.

ყველა სიბრაზე, სევდამ დააცხროს,
მაინც მომრავლდნენ თავდახრილები,
ყველა გაიქცა ვინც კი გაასწრო,
აქ დარჩნენ მხოლოდ გადაღლილები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი