0 240

ღამის წყვდიადში


ღამის წყვდიადში მარტოსული ლანდივით დავალ,
ისევ მაფიქრებს შორეული ჭექა-ქუხილი,
ხომ იცი ასე მხიარული რატომაც არ ვარ,
ხომ იცი გულში რა დარდი მაქვს და რა წუხილი.

ერთხელ შეშლილსაც უყვარდება, არ დაიჯერო
რომ შენს გარეშე იარსებოს ჩემმა სამოთხემ,
მინდა ამ გრძნობით ტკივილები რომ დაიკერო,
მინდა გულიდან ოხვრასავით რომ არ ამომხდე.

წამოვხტე როგორც ჯარისკაცი განგაშის ხმაზე,
და გამოვიქცე შენთან როგორც ქარი ძლიერი,
მინდა არასდროს არ გეწვიოს ფიქრები სხვაზე,
მინდა წამომყვე ჩემთან გახდე გადა-მთიელი.

გაგტაცებ ტკივილს გადავმალავ სამყაროს იქით,
და ღიმილების მიზეზს მოგცემ წამში ათასფერს,
მინდა მომენდო გულით, სულით, ქცევებით, ფიქრით,
ჩაგეხუტები, გაკოცებ და გეტყვი არაფერს.

ანათებს მთვარე მე კი ჩრდილის ფერიც აღარ მაქვს,
და ამ ვარსკვლავებს ფერები აქვს მგონი მასხარის,
არ შეიმჩნიო საუბარი სხვაზე გადამაქვს,
არ შეიმჩნიო ღიმილსაც რომ სევდა მასწავლის.

ცოტა დავთვერი ვეხუტებით მე და დარაბა,
და ახლა დარდი მემუქრება გულის შეტევით,
გაგიფიქრე და ეს სამყარო მეპატარავა,
დაგივიწყე და ბნელ ოთახშიც კარგად ვეტევი.
კომენტარები (0)