0 155

შორი ისაა, რაზე ფიქრიც ჯერ ვერ გავბედეთ


შორი ისაა, რაზე ფიქრიც ჯერ ვერ გავბედეთ,
ეს ერთი ლექსი მონატრებას გვირგვინს დაადგამს,
სევდის თვალებში ჩვენ ერთმანეთს მორცხვად ჩავხედეთ,
ჩემი სიკვდილიც გადარჩენას უფრო წააგავს.

ვივიწყებ კალამს, მუზები კი თვითონ არ წერენ,
და მეც აღარ მსურს ლექსებად რომ გამოიკვეთო,
ზოგჯერ წასვლა ჯობს თუ სიმხდალეს არ მიაწერენ,
ხო და თუ წახვალ უკან აღარ გამოიხედო.

შევაგროვებ და ამ ლექსებსაც გადავყრი წყალში,
ისეთი სხვა ხარ არ გერგება მეტაფორები,
ალბათ ტკივილი სილამაზედ იქცევა ქალში,
მაგრამ რად მინდა თუ კი ვეღარ გეამბორები.

ისე ვარ ახლა რომ დაობლდა რაფაელ სანტი,
ლუკას კრანახის მაჭანკლური ღიმილი გავსებს,
ისევ აკითხავ მაღაზიას პატარა ჩანთით,
და მოწყენილი აკვირდები წიგნების ფასებს.

ვეღარ მაღიმებ და სიცოცხლის სურვილებს მიქრობ.
ცხოვრება წინ გაქვს მარტოობა უნდა გზარავდეს,
მე მეტი ვიცი ვიდრე სხვებმა, ახლა რას ფიქრობ,
ვერაფერს გეტყვი და უბრალოდ ღმერთი გფარავდეს.
კომენტარები (0)