შენი ხელები და თითებია.


მაინც სევდის ფერად დამაღამეს,
წლები მიყოლებით ფრინდებიან,
ის რაც გაქცევისას დამაკავებს,
შენი ხელები და თითებია.

ფიქრით ღრუბლებს იქით გასული ვარ,
გარეთ მობუზული ჩიტებია,
ყველა მოვიშორე წარსულიდან,
რადგან უკვე აღარ მჭირდებიან.

ჩემთან მხოლოდ შენ ხარ სასწაული,
სხვა კი დახეული ბილეთია,
დღემდე არ მქონია სამკაული,
მხოლოდ ერთი ჯვარი მიკეთია.

შენი სისხლისფერი ზედა ტუჩი,
კოცნა მოგინდება ისეთია,
მაგრამ თავს ვერც ლექსებს ვერ დავუშლი,
წერაც კიდევ ერთი იმედია.

და ვინც სუფთა გრძნობა დაამთავრეს,,
მხოლოდ ჭორები და მითებია,
ის რაც გაქცევისას დამაკავებს,
შენი ხელები და თითებია.

შმაგი წიკლაური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი