მკითხავი დედა


დედაჩემი ზის ხის ვიწრო და დაბალ მააგიდასთან, თითქმის უცხო მეზობლის პირდაპირ და მისი ტუჩებშემშრალი ყავის ჭიქა უჭირავს ხელში.
მესმის თითოეული სიტყვა და მგონია მე მეუბნება, მგონია უცხოს ნალექშიც ჩემს ბედს ხედავს და ჯერ ვერ მიმხვდარა, რომ წყალს არა სხვა, არამედ მე უნდა ვერიდო.

მოთმინებას ასწავლის ყოველ მოსულს და ფინჯანზე პირს არ აკარებინებს, სანამ ცოტა გაგრილდება ქაფი. დღემდე არ მესმის რა უნდა შეიცვალოს ცხელის დალევით.

ზის და იმაზე უკეთ ხედავს უცნობის მომავალს, ვიდრე თავის წარსულს, 
ქვრივს შემოუკრავს შავი თავსაფარი და თითო თვალის დახუჭვაზე ახსენდება ქმრის სიკვდილი.
ქმრის , რომელიც ჯერ ბრბოს ტალღამ შთანთქა, შემდეგ კი ტბის.
თითო შეხებაზე აგონდება, როგორ არღვევდა მასთან მისასვლელ მწკრივებს და მიექანებოდა ქარაფისკენ, მარტო დარჩენილი.

სძინავს და ესმის თითო სიტყვა, ბოლო სუნთქვამდე.

პატარა მაგიდას მკლავებით ეყრდნობა, თავდახრილი ქვევიდან შესცქერის და ყბის შეუმჩნეველი მოძრაობით ამბობს, რომ მეზობელზე გაბატონება სხვას სწყურია და სჯობს იპოვნოს რაიმე ძალა და მოეჭიდოს, თორემ გააქრობენ.

- დარჩი სახლში და ყველაფერი დალაგდება. - ამბობს დედა და ვაი, რომ ჯერ ვერ გამირკვევია რა არის სახლი, იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს თევზებთან საუბრისას.

მივდივარ, მიმაქვს სხეული და უსასრულო ფიქრისთვის გამოზრდილი გონება, ტანსაცმელს ნაბიჯ-ნაბიჯ ვტოვებ და ვიძირები იმ იმედით, რომ ფსკერი შორია.
ვიძირები, რომ დიდხანს ვეძებო სახლი და იმ შორეულ სიბნელეში დავიდო მშვიდი ბინა, სადაც მიჰქრის და მიექანება ციდან გამოქცეული სინათლე და მხოლოდ ოდნავ და ვერც თუ მისწვდება მიზანს.

მესმის თითო სიტყვა და მგონია, მე მეუბნება, როგორ მოვიქცე, არა და უცხოს ტუჩემშემშრალ ფინჯანს ჩაჰყურებს ხელით შემაგრებული სათვალით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი